მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთში სამხედრო გაწვევა ელექტრონულადაც იქნება შესაძლებელი

რუსეთის სახელმწიფო დუმამ სამშაბათს მეორე და შემდეგ მესამე წაკითხვით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო ვალდებულთა ერთიანი რეესტრის და ელექტრონული უწყებების სისტემის შემოღებას.

მანამდე ტექსტი პარლამენტის ქვედა პალატის პორტალზე გამოქვეყნდა. შესწორებები ითვალისწინებს გაწვეულთა შეტყობინების ახალ სისტემას – შეკვეთილი წერილებით და ელექტრონული წესით. აქამდე უწყებები მხოლოდ პირადად ახალწვეულს ან მის დამსაქმებელს გადაეცემოდათ.

ასევე რუსეთში იქმნება სამხედრო ვალდებულთა ერთიანი რეესტრი. მასში შევა სამხედრო ვალდებულთა პირადი მონაცემები, მათ შორის საცხოვრებელი ადგილი და სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა. რეესტრში ინფორმაცია ავტომატურად შევა სახელმწიფო რესურსებიდან.

ვინც სამხედრო კომისარიატში არ გამოცხადდება, მათთვის გათვალისწინებულია შეზღუდვები, მათ შორის – უცხოეთში მოგზაურობის აკრძალვა. ამასთან აკრძალვა ძალაში შევა იმ დღეს, როცა უწყება გადაცემულად ჩაითვლება.

სხვა სიახლეებს შორისაა თადარიგში ჩარიცხვის შესაძლებლობა კომისარიატში პირადად გამოცხადების გარეშე და მანქანის ტარების უფლებაზე უარი მათთვის, ვინც თავს აარიდებს სამხედრო სამსახურს. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და კრედიტების აღებას მათთვის, ვინც გაწვევის საბუთში მითითებული თარიღიდან 20 დღის ვადაში კომისარიატში არ გამოცხადება.

თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანდრეი კარტაპოლოვმა თქვა, რომ ელექტრონული გაწვევა “მიჩნეულია მიღებულად იმ მომენტიდან, როდესაც ის განთავსდება სამხედრო სამსახურში პასუხისმგებელი პირის პირად კაბინეტში”. მისი თქმით, ცვლილებები არ შეეხება საგაზაფხულო გაწვევას, რომელიც 15 ივლისამდე გრძელდება. კარტაპოლოვის თქმით, გაწვევის ახალი წესი ყველა სამხედრო სამსახურზე პასუხისმგებელ პირს შეეხება და არა მხოლოდ წვევამდელებს.

კანონპროექტი სახელმწიფო დუმაში 10 აპრილს შეიტანეს. როგორც ტელეგრამის არხი SOTA წერს, დეპუტატებმა ვერ მოასწრეს 60-გვერდიან ტექსტში მოცემული ყველა შესწორების გაცნობა. ვითარების შესახებ დაიჩივლა რუსეთის კომპარტიის ორმა წევრმა. პასუხად დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა მათ მოუწოდა, პარლამენტის „საბოტაჟს ნუ ეწევიან“.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბარში პირობა დადო, რომ ელექტრონული უწყებების შესახებ კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს მოსახლეობაში პანიკას ან ემიგრაციის ახალ ტალღას, ვინაიდან მისი მიზანია სამხედრო ვალდებულთა გაწვევის პროცესის მოწესრიგება. მან დასძინა, რომ მობილიზაციის „არავითარი მეორე ტალღა“ არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button