მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-11 პაკეტს ამზადებს

Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-11 პაკეტს ამზადებს.

როგორც Bloomberg-ი იტყობინება, ახალი პაკეტის თანახმად, რუსეთის გავლით გარკვეული საქონლის ტრანზიტი აიკრძალება. ცნობილია, რომ ტრანზიტის აკრძალვა შეეხება უამრავ ტექნოლოგიას და სხვადასხვა საქონელს, მათ შორის რამდენიმე ტიპის სატრანსპორტო საშუალებას, თუმცა, წყაროს თქმით, აკრძალვა ყველა ქვეყანას არ შეეხება.

Bloomberg-ის რამდენიმე წყარო აღნიშნავს, რომ აკრძალვა შეეხება ტანკერებს, რომლებსაც არ აქვთ სანავიგაციო სისტემები, რათა თვალყური ადევნონ მათ მოძრაობას. პაკეტი მიმართული იქნება იმ ხარვეზების აღმოფხვრაზე, რომელიც არსებობს, რათა არ დარჩეს ე.წ. შავი ხვრელები და რუსეთმა ვერ შეძლოს სანქციებისგან თავის არიდება.

თუმცა, Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნაკლებად სავარაუდოა – პაკეტი მიზნად ისახავდეს როსატომის სანქცირებას, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყანა ითხოვს სანქციების დაწესებას Rosatom-ის წინააღმდეგ, მათ მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციისა და პერსონალის გატაცების გამო.
ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება მოითხოვა, რათა ბოლო მოეღოს 14 თვის განმავლობაში მიმდინარე ინტერვენციას. კიევი ამავე დროს ითხოვს მეტ ამუნიციას. აღმოსავლეთ უკრაინაში გრძელდება ინტენსიური ბრძოლები.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 23 აპრილს განაცხადეს, რომ ამჟამად „ყველაზე გააფთრებული“ ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკის რაიონის ქალაქების, ბახმუტისა და მარიინკისთვის.

როგორც ხარკოვის ოლქის გუბერნატორი იტყობინება, წუხელ ქალაქ ხარკოვსა და მის შემოგარენში რუსეთის ხუთი რაკეტა ჩამოვარდა. ერთ-ერთი რაკეტის აფეთქების შედეგად გაჩნდა ხანძარი.

ამასობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა წინ წაიწიეს ბახმუტში და სამი კვარტალი დაიკავეს. ქალაქი, რომლის მოსახლეობა ომამდე 70 ათასზე მეტი იყო, დანგრეულია რუსეთის ჯარების იერიშის შედეგად, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ხერსონის ოლქის მარცხენა (აღმოსავლეთ) სანაპიროზე შესვლა მოახერხეს, – „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსების შეფასებით, ამას რუსი სამხედრო კორესპონდენტებისა და ბლოგერების მიერ 22 აპრილს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები აჩვენებს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უარი თქვეს ხერსონის ოლქში წინ წაწევის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წუხელ თავის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის დასასჯელად ვაჭრობისა და სხვა სფეროების სანქციების შეთანხმება „ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის საერთო ამოცანაა ჩვენთვის ყველასთვის – აბსოლუტურად ყველასთვის, ვისაც სურს ომის სწრაფად დასრულება, ჩვენი სწრაფი გამარჯვება – რათა გამოვრიცხოთ რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლა“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი მელნიკმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მადლიერია აქამდე მიღებული დახმარებისთვის, მაგრამ „ეს საკმარისი არ არის“. მისი სიტყვებით, „უკრაინას ათჯერ მეტი ესაჭიროება, წელს რომ დაასრულოს რუსეთის აგრესია“ და მოუწოდა „ჩვენს პარტნიორებს, გადაკვეთონ ყოველგვარი ხელოვნური წითელი ხაზები და საერთო შიდა პროდუქტის 1% [უკრაინისთვის] იარაღის მიწოდებას მიუძღვნან“.

მსგავსი პოსტები

Back to top button