მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის ჯარები დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონების საზღვართან დაწინაურდნენ-(ISW)

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის ჯარები დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონების საზღვართან დაწინაურდნენ.

“2 ოქტომბერს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები აჩვენებს, რომ უკრაინული ძალები ნოვომაიორსკიდან ჩრდილო-დასავლეთით (ველიკა ნოვოსელკადან სამხრეთ-აღმოსავლეთით 18 კმ) დაწინაურდნენ.

უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება, რომ უკრაინული ჯარები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლის (ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით) და ბახმუტის მიმართულებით”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული ძალები წარუმატებლად ცდილობდნენ დონეცკის ოლქის ანდრიივკას რაიონში დაკარგული პოზიციების აღდგენას.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს მათ რუსეთის მიერ გაშვებული 31 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 29 გაანადგურეს, მათგან 13 დნეპროპეტროვსკის, 16 კი მიკოლაევის ოლქში. ჩამოაგდეს ერთი “ისკანდერის” ტიპის რაკეტაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა დრონები ​კონცხ ჩაუდიდან, ხოლო რაკეტა ჯანკოის რაიონიდან გაუშვეს.

“საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში. მიზნები განადგურდა “სამხრეთის” და “აღმოსავლეთის” საჰაერო სარდლობის პასუხისმგებლობის ზონებში, მიკოლაივისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში,” – ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.

უკრაინული მედია კი იუწყება, რომ დარტყმები განხორციელდა ქალაქ პავლოგრადზე, სადაც დაზიანდა საწარმოები, ავტოფარეხი და ავტომობილი.

ღამით მტერმა არტილერიით დაბომბა ნიკოპოლის რეგიონის მირივკის თემი, რის შედეგადაც 2 კერძო სახლი და ერთი შენობა დაზიანდა.

მსხვერპლის ანდა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსებმა ხერსონი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

“შუადღისას, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დროებით ოკუპირებული მარცხენა სანაპიროდან ხერსონის დნეპრის რაიონს დაარტყეს. დაზიანდა კერძო სახლები”, – თქვა პროკუდინმა.

ამასთან, ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

დონეცკის საოლქო პროკურატურის ცნობით, რუსებმა ილინივკა რეკეტებით, ავდიივკა კი ტანკის გამოყენებით დაბომბეს. იერიშის შედეგად დაშავდა 4 მშვიდობიანი მოქალაქე.

არსებული ინფორმაციით, ავდიივკაში ჭურვი კერძო სახლს მოხვდა, დაშავებულია 63 წლის ქალი. ოკუპანტებმა ასევე დაარტყეს ილინივკას კრამატორსკის რაიონში, დაშავებულია 29 და 47 წლის ორი ქალი და 43 წლის კაცი.

გარდა ამისა, დაზიანდა კერძო სახლები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, კომერციული შენობა, კომერციული ობიექტი, მანქანები, სატვირთო მანქანები და ავტობუსები.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button