მნიშვნელოვანისიახლეები

„ზედმეტი აჟიოტაჟია“ ატეხილი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე – საგარეო საქმეთა მინისტრი

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ „ზედმეტი აჟიოტაჟია“ ატეხილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატებასთან დაკავშირებით.
„მგონია, რომ ზედმეტი აჟიოტაჟია, ჩემთვის გაუგებარი. საქართველოს საელჩოები არჩევნების დროს ყოველთვის მზად იყვნენ, მიეღოთ საქართველოს მოქალაქეები, ვინც რეგისტრაციაზე იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე, რათა … მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“, – განუცხადა 26 დეკემბერს მინისტრმა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს.

„როგორ წარმოგიდგენიათ საარჩევნო უბნის გახსნა ქალაქში, სადაც საქართველოს ერთი მოქალაქეა?“ – განაცხადა დარჩიაშვილმა და დასძინა, რომ „ამას სჭირდება [საუბნო] კომისია ადგილზე, უამრავი ადამიანური რესურსი, რათა ეს არჩევნები გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ ჩატარდეს“.

„გვაქვს კონკრეტული პროცედურა, რაც ძალიან მჭიდრო კოორდინაციაშია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. არ იღელვოთ, როგორც აქამდე, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც დროებით იმყოფებიან საზღვარგარეთ, ექნებათ შესაძლებლობა, იმ უბნებზე, რომლებსაც გავხსნით, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და გამოხატონ საკუთარი სიმპათიები“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველოდებით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობის და არასტაბილურობის, არასწორი აღქმების შექმნის მცდელობებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2023-ზე“ სიტყვით გამოსვლის დროს.

მისი თქმით, სირთულეების მიუხედავად, სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგად, ვინარჩუნებთ მშვიდობის და უსაფრთხოების იმ დონეს, რაც საჭიროა ჩვენი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის, ეკონომიკის გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარებისთვის.

„ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ 2024 წელს იმედიანად შევეგებოთ. თუმცა, იმასაც ვაცნობიერებთ, რომ დამდეგი წელი რთული იქნება. მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობის და არასტაბილურობის, არასწორი აღქმების შექმნის მცდელობებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან დროული და სათანადო კომუნიკაცია, ასევე, მათთან მჭიდრო კავშირების განვითარება. ამ საქმეში თქვენ, საქართველოს ელჩებს, უდიდესი როლი გაქვთ. დღეს ე.წ. ჰედლაინების ეპოქაში ვცხოვრობთ. ხშირად, ერთ ჰედლაინს გუშინდელი ერთი სტატიის თუ მთელი პიარკამპანიის დატვირთვა აქვს. ამასთან, დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში სოციალური მედიის საშუალებებმა დიდი ძალა შეიძინა. ამიტომ საერთაშორისო პარტნიორებსა და უცხოურ საზოგადოებებთან სამუშაოდ გთხოვთ მეტ აქტიურობას და მეტ ძალისხმევას როგორც ტრადიციული დიპლომატიური მეთოდებით, ასევე სოციალური მედიების საშუალებით. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიების მხილება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით თქვენი ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ღირსეული, პროფესიონალური საქმიანობისთვის. წარმატებას გისურვებთ თქვენს საპასუხისმგებლო საქმეში. დიდ იმედებს ვამყარებთ თქვენთან კიდევ უფრო ნაყოფიერ თანამშრომლობაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არჩევნები კარს არის მომდგარი და ოპოზიციის მხრიდან დაძაბულობის შექმნა გაათმაგებული იქნება, მათ შორის იქნება სიცრუის ტირაჟირება, დაბრალება, შეკვეთილი სტატიები და სიუჟეტები, ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს, მზად ვართ, რომ ამ ხელმოცარულებს სიმართლე, საქმის კეთება და შედეგი დავუპირისპიროთ, როგორც ეს სტატუსის შემთხვევაში მოხდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ოპოზიციაში არის ხალხი, ვისაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სულაც არ გახარებია.

„ახლა ჩუმად არიან და ჩირგვებში არიან შემძვრალი. რომელიმე გამოვიდა და თქვა, რომ შეცდომაში ვიყავით შესული და გულითადად ვულოცავთო? – ეს არ გაუკეთებიათ. პარლამენტში ჩვენ ევროკავშირის დროშებით მოვედით, თავად ისიც იკადრეს და თქვეს, ჩვენ არ დაგვიდესო. ჩვენი ოთახებიდან მოვიტანეთ. თავად რატომ არ გააკეთეს? – თავად შინაგანად არ არიან არც ევროპელები და არც ამ ქვეყნის მოკავშირეები. რა დაკვეთაც არის, იმას ასრულებენ. როგორ დავიჯერო, რომ სტატუსის მონიჭება სამადაშვილს გაუხარდა, რომელიც ბრიუსელში დადიოდა და ამბობდა, ქვეყანას სტატუსი არ მიანიჭოთო? ოპოზიციაში სწორედ ასეთი ხალხი გვყავს“, – განაცხადა ზარქუამ.

ბოლო 8 წლის განმავლობაში მხოლოდ ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 112 ათასამდე მოქალაქემ მოითხოვა;
ორჯერ მეტია ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი;
ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად საზღვარგარეთ კი 12 ათასი ამომრჩეველი მივიდა;
2020 წელს ოპოზიციამ საზღვარგარეთის უბნები მოიგო.
ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას პარტიების გაერთიანების, „გირჩი-დროას“ ინიციატივით, ემიგრანტები ხელმოწერებს აგროვებენ 2024 წლის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მეტი საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით.

ცესკო აცხადებს, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება „იურიდიულ შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან საარჩევნო კანონმდებლობა მსგავს პროცედურას არ ითვალისწინებს“.

ამასთან, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მედიას უთხრა, რომ „მთავარია აპლიკაციის შევსება და არა ხელმოწერები“: „თუკი ამომრჩეველს აინტერესებს, რა და როგორ ხდება, ვურჩევ, რომ მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას, ცხელ ხაზზე ან „ჩატითაც“ შეუძლიათ ჩვენს ოპერატორებთან ურთიერთობა“.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ უნდა გაიზარდოს საზღვარგარეთ მყოფი იმ თანამემამულეების რაოდენობა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ ხოლმე.

„არცერთი ხელისუფლება არ დაინტერესდა იმით, რომ იმ ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა, რომელიც მონაწილეობენ არჩევნებში, გაიზარდოს. იმიტომ, რომ ყველას ჰქონდა ინტერესი… იმ პატარა ჯგუფის, რომელიც საელჩოს ირგვლივ არის მოკალათებული, არჩევნებში მონაწილეობა ითვლებოდა საკმარისად“, – განაცხადა მან ნოემბერში.

მსგავსი პოსტები

Back to top button