მნიშვნელოვანისიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ვიზიტს განახორციელებენ

ვინ წავა ბუჩაში? – პასუხის პასუხი უკრაინულ რადას. რადას სპიკერის კიდევ ერთ განცხადებას, რომ მეგობრებს ბუჩაში დაპატიჟება არ სჭირდება, მმართველი გუნდი ცალმხრივ მეგობრობად აფასებს და აცხადებს რომ არც მეგობრებს სდებენ ბრალს უაპელაციოდ.

“ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ მაშინ, როდესაც თბილისი ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინის მხარდამჭერია, არის იმ ქვეყნების რიცხვში ვინც ქვეყანას ომის დანაშაულების გამოძიებაში დაეხმარება, ბრალდებას რუსული კონტრაბანდის შესახებ რომელსაც მტკიცებულება არ ახლავს, არ იმსახურებს. მიუხედავად ამისა, მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, შეუერთდეს ბუჩაში სამძიმრის გამოსახატად წამსვლელ საპარლამენტო დელეგაციას.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, განცხადებით, მმართველი პარტიაში მიიღეს გადაწყვეტილება რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ვიზიტს განახორციელებენ. მისი თქმით, დელეგაციის შემადგენლობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.მისივე თქმით, უმაღლესი საპარლამენტო დონის ვიზიტზე “მკაფიო წინაპირობები” არსებობს

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან ჩამოთვალა რამდენიმე მიზეზი, რომელიც მათი მტკიცებით, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან “შეურაცხმყოფელი ნაბიჯებია” საქართველოს სახელმწიფოს მიმართ.
მისი თქმით, უკრაინა დღემდე რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინა-საქართველოს შორის არსებული საკითხების გადაწყვეტის შემდეგ, შესაძლებელია, დაიგეგმოს უმაღლესი საპარლამენტო დონის ვიზიტიც.

„რა თქმა უნდა, ამაზეც იყო წინასწარი კონსულტაციები. არსებობს ზოგადი მზაობა იმის შესახებ, რომ უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს ვიზიტი. თუმცა, აქ არის, ძალიან მკაფიო წინაპირობები და ყველამ ვიცით, რას უკავშირდება ეს წინაპირობები. სამწუხაროდ, გადაიდგა რამდენიმე შეურაცხმყოფელი ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გასული პერიოდების განმავლობაში. საუბარია სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელ ნაბიჯებზე და არა იგივე, თუნდაც მმართველი გუნდისთვის შეურაცხყოფაზე, ეს ამ შემთხვევაში, მეორე ხარისხოვანი იქნებოდა. რა თქმა უნდა, როდესაც ხდება სახელმწიფოს შეურაცხყოფა ასეთ დროს, საჭიროა პოზიციის დაფიქსირება და ეს უკავშირდებოდა იგივე ელჩის გაწვევის საკითხს. ჯერ იყო გაწვევა კონსულტაციებზე, შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლდა უკრაინის ელჩი საქართველოში.

დღემდე უკრაინა რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ. ასე გამოდის. ყოველშემთხვევაში, ამის შემდეგ რაიმე განსხვავებული ნაბიჯი ჩვენ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს. რა თქმა უნდა, ეს ვითარება შესაცვლელია, ეს არის ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპული საკითხი.

მეორე, ჩვენ მოვისმინეთ ბრალდება კონტრაბანდასთან დაკავშირებით. შემდეგ შერბილებული განცხადებებიც მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. თუმცა, დაგვეთანხმებით, რომ ეს არ არის საკმარისი. როდესაც ასეთი ბრალდება მოდის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ამას სჭირდება სათანადოდ ან დადასტურება ან უარყოფა, რაც ჩვენ არცერთი და არც მეორე არ მოგვისმენია. შესაბამისად, ეს საკითხი რჩება აქტუალური.

მესამე – ალბათ, ყველაზე პრინციპული საკითხი, იმიტომ, რომ ჩვენ გვგონია, რომ ყველა ამ პრობლემის სათავე, ამ ცრუ ბრალდებების და, ელჩის გაწვევის სათავე და ა.შ. არის ის, რომ დღემდე ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოში რადიკალური ოპოზიციური ლიდერები უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე არიან წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, ესენი არიან, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. ზურაბ ადეიშვილი, გენერალური პროკურორის მრჩეველი. გია ლორთქიფანიძე, რომელიც გახლავთ დაწინაურებული კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე და დავით არახამია, პირი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის უმაღლეს დონეზე. ეს არის სამწუხარო. თქვენ წარმოიდგინეთ, იგივე რომ გვქონდეს ჩვენ, ადამიანები, რომლებიც არიან უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მძიმე კრიმინალებად აღიარებული, დღეს რომ მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ საქართველოში. რა თქმა უნდა, უკრაინის ინტერესებში იქნებოდა ამ ვითარების მოგვარება, პირველ რიგში, იმისთვის, რომ ორმხრივ მეგობრობას რაიმე დამატებითი პრობლემა არ შეექმნას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, რასაც ბუნებრივია, სჭირდება ცვლილება. ეს არის სამი პრინციპული საკითხი. როგორც კი ჩვენ დავინახავთ პროგრესს ერთი, მეორე და მესამე მიმართულებით, ბუნებრივია, შეიძლება ასევე ვიფიქროთ უმაღლეს საპარლამენტო დონეზე ვიზიტის განხორციელებაზე“, – აცხდებს ირაკლი კობახიძე.

მისივე განცხადებით, დღემდე უკრაინა რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ, ეს ვითარება შესაცვლელია და სამ პირობას ასახელებს.

რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა ბუჩაში ჩასასვლელად ყველა პარლამენტარი, მათ შორის შალვა პაპუაშვილიც მიიწვია. აქედან მალევე თავმჯდომარის კაბინეტმა გააკეთა განცხადება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პაპუაშვილი დისტანციურ რეჟიმში მუშაობს, მოგვიანებით კი პაპუაშვილმა მიწვევას არასათანადო უწოდა.

ქართველი პარლამენტარები უკრაინელი ხალხის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით საომარ ზონაში უახლოეს მომავალში ჩავლენ. “ქართულ ოცნებას” ერთი წინაპირობაც აქვს – თუკი კიევი უსაფუძვლო ბრალდებას უკან წაიღებს, საპარლამენტო დელეგაციას თავად სპიკერი, შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button