რეგიონი

ლაგოდეხში შშმპ მამაკაცი დამ სცემა – აღძრულია საქმე

ლაგოდეხში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დამ სცემა, ბრალი ოჯახურ ძალადობისათვის ნაცემ მამაკაცს წაუყენეს.
გამოძიება საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

გამოძიების მტკიცებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთ სოფელში მცხოვრებმა, 60 წლის მამაკაცმა არასრულწლოვან დისშვილს სახის არეში ფეხი დაარტყა.

შემთხვევა, 2021 წლის 16 ოქტომბერს მოხდა.
რადიო ჰერეთის ექსკლუზიური ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, საკუთარი დის მხრიდან თავად გახდა.

ამ ფაქტს, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმიდან მამაკაცის დის მიერ, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქმის გამოყოფის შესახებ დადგენილებაც მოწმობს.

ცალკე გამოყოფილი საქმის ფიგურანტისათვის, ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ, მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საქმე, შეზღუდული შესაძლებლობის მამაკაცის მიმართ, არსებითი განხილვისათვის უკვე სასამართლოშია.
დოკუმენტს, რომელიც რადიო ჰერეთმა მოიპოვა, ხელს გურჯაანის რაიონული პროკურორი, ოთარ სამუნაშვილი აწერს, რომელმაც რადიო ჰერეთთან საუბარში ფაქტი დაადასტურა.

” გიდასტურებთ, რომ საქმე ცალკეა გამოყოფილი და საგამოძიებო მოქმედებებიც მიმდინარეობს. თავად ამ მამაკაცის საქმე კი, სასამართლოში არსებით განხილვაშია. გამოყოფილი საქმის თაობაზე, მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით”- განაცხადა სამუნაშვილმა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მეზობლები ამტკიცებენ, რომ მამაკაცს, საკუთარმა დამ ზურგზე ორი ჯოხი გადაამტვრია და შემდეგ პოლიცია თავად გამოიძახა.

” თვითონ სცემა ძმას და ჩვენ რომ გამოვიშალეთ, გაიქცა და პოლიცია გამოიძახა. ამან საკუთარ შშმ პირსაც უჩივლა, ძალადობსო. ზოგადად, კონფლიქტს ვერიდებით, მაგრამ ფაქტი ესაა”- თქვა ერთ- ერთმა მეზობელმა.
ბრალდებული მამაკაცის ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ძალადობის ფაქტი არ ჩაუდენია და საქმის მასალების მიხედვით, არასრულწლოვანისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დასტურდება.
” სწორი ინფორმაცია გაქვთ, საქმე ცალკეა გამოყოფილი, თუმცა ვინც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე იძალადა, ბრალი არ წაუყენებიათ. იქეთ სცემეს, დევნა კი მის მიმართ დაიწყო. საქმის მასალებით, არ დასტურდება, რომ მან ძალადობის ფაქტი ჩაიდინა. მამაკაცს შშმ პირის სტატუსი უვადოდ აქვს მინიჭებული, სახლი თავზე ენგრევა და სინამდვილეში დასჯა კი არა, დაცვა სჭირდება.“- განაცხადა ადვოკატმა.

60 წლის მამაკაცს, სახლის სახურავი სექტემბრის თვეში ჩამოენგრა და 87 წლის დედასთან ერთად, დის ოჯახისათვის თავის შეფარება მოუწია.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი, თამარ ბატიაშვილი განმარტავს, რომ მოქალაქეს მათთვის არ მიუმართავს.

” ამ კონკრეტულ პირს, რამდენიმე სასაჩუქრე დახმარება მიღებული აქვს, თუმცა, სახლის დაზიანების თაობაზე ჩვენთვის არ მოუმართავს და შესაბამისად, ვერანაირ დახმარებას ვერ აღმოვუჩენდით. ჩვენს სოციალურ ბაზაშიც. რეგისტრირებული არ არის”- განაცხადა ბატიაშვილმა.
მამამაკაცის მიმართ მიმდინარე საქმის განხილვა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 18 იანვარს უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროცესი თებერვლისთვის გადაიდო.

მსგავსი პოსტები

Back to top button