მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

პანდემიის გამო აფხაზეთში 5 ოქტომბრიდან შეზღუდვები ისევ ამოქმედდება

“აფხაზეთში მოქმედი ე.წ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის კორონავირუსული ინფექციისგან დასაცავად, იზღუდება გარკვეული ღონისძიებები”. – ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კერძოდ, 5 ოქტომბრიდან აფხაზეთში იკრძალება მასობრივი, სპორტული, გასართობი და საგამოფენო ღონისძიებები შენობაში, გარდა კულტურული დაწესებულებების საქმიანობისა, რომლებიც ხორციელდება ამ ბრძანების მე-6 პუნქტით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

იკრძალება საქორწილო, თუ სხვა სახის ღონისძიებები. რეკომენდირებულია გლოვის თუ ხსოვნის შეკრებებში მონაწილე პირთა რაოდენობის შეზღუდვა.

ამასთან, კვების ობიექტებმა უნდა უზრუნველყონ დისტანციის დაცვა, მომსახურე პერსონალის მიერ პირადი დამცავი აღჭურვილობის გამოყენება.

ყოველდღიურად უნდა დეზინფიცირდეს სურსათის, ტანსაცმლის ბაზრებისა და მიმდებარე ტერიტორიები. გამყიდველებს კი, კორონავირუსისგან დაცვის ინდივიდუალური საშუალებები უნდა ჰქონდეთ.

ადგილობრივმა ე.წ. ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის კაბინების ყოველდღიური პროფილაქტიკური დეზინფექცია და მძღოლების მიერ სამედიცინო ნიღბების და ხელთათმანების გამოყენება.

კულტურულ დაწესებულებებშიც, თანამშრომლებს მოეთხოვებათ საქმიანობა პირადი სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენებით. უნდა შემცირდეს ღონისძიებებში ერთდროულად დამსწრე მოქალაქეთა რიცხვი.

ამასთან, დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე “მთელი ქვეყნის” მასშტაბით, სამედიცინო დაწესებულებების იდენტიფიცირება და მათში იზოლირებული ოთახების გახსნა, კორონავირუსით ინფიცირებული პირების მოსათავსებლად.

ე.წ. ფინანსთა სამინისტრომ უნდა გამოყოს დამატებითი ხარჯები, სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სამსახურის 8 შტატით გასაზრდელად.

დე ფაქტო განათლების სამინისტროს დაევალა, ადგილობრივ ე.წ. ადმინისტრაციებთან ერთად, მუდმივად უზრუნველყოს სკოლამდელი და საგანმანათლებლო დაწესებულებები პირადი დამცავი აღჭურვილობით, სადეზინფექციო საშუალებებით და თერმომეტრებით.

პანდემიის გამო, აფხაზეთში კარანტინი 25 მარტს შემოიღეს. დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეზღუდვები 15 ივნისს მოიხსნა.

ე.წ. საზღვარი რუსეთთან 1-ელ აგვისტოს გაიხსნა. დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი კი, რამდენჯერმე, მხოლოდ ცალმხრივად გაიხსნა.

 

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგაზრდებს, რომლებიც დანარჩენ საქართველოში იღებენ განათლებას, საოკუპაციო ხაზის კვეთის უფლებას აძლევს.

6 თვის წინ ჩაკეტილ ენგურის ხიდზე, სტუდენტებს და მოსაწავლეებს სპეციალური სიის მიხედვით ატარებენ. სიაში შესულია იმ ახალგაზრდების ვინაობა, ვინც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და სკოლებში სწავლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button