მნიშვნელოვანისიახლეები

ქართული იდეა და ეროვნული ინტერესები-უცნობის აქციას მმართველი გუნდი აფასებს

აქცია, რომელიც სლოგანით “მოვდივარ” რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე საათი მიმდინარეობდა, საღამოს 9 საათისთვის დასრულდა. მოძრაობა “აი უცნობის” ორგანიზებით გამართული შეკრების მიზნად ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა დასახელდა.
აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს – მათ შორის არის “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდისთვის შესაბამისი პოლიტიკური შეფასების მიცემა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. შეკრებილებმა ასევე უნდობლობა გამოუცხადეს საქართველოს პრეზიდენტს.

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ სასიამოვნო სანახავი იყო “ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული ადამიანების მრავალათასიანი შეკრება”. ამ განცხადებით ის 30 აპრილს, რესპუბლიკის მოედანზე გია გაჩეჩილაძის, იგივე, უცნობის ორგანიზებით გამართულ სახელისუფლებო აქციას გამოეხმაურა.
“ბოლო დროს ძალიან აგრესიული და ომის რიტორიკით გამსჭვალული დემონსტრაციების ფონზე, აღნიშნული მშვიდობისკენ მიმართული და ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული ადამიანების მრავალათასიანი შეკრება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო. მივესალმები ყველა იმ ადამიანს, რომლისთვისაც საქართველო უპირველეს ყოვლისა იყო და ეს იყო ამ შეკრების დევიზი. მშვიდობა არის უპირატესი მიზანი ახლა, მძიმე საომარ მოცემულობაში, რომელშიც ჩვენი რეგიონი იმყოფება და თავისთავად მშვიდობის ფონზე ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა, მათ შორის, იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც გვაქვს, თავისთავად ეს ყველაფერი გვაერთიანებს აქციის მონაწილეებთან”, – განაცხადა წილოსანმა.
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის ორგანიზებით სახელისუფლებო აქცია გაიმართა. აქციაზე ხალხი რეგიონებიდან ჩამოიყვანეს, მათ შორის ძირითადად საჯარო სამსახურში დასაქმებულები.
აქციაზე ისმოდა ანტიდასავლური, ანტიუკრაინული, ჰომოფობიური და პრორუსული განცხადებები.
სიტყვით გამოვიდა ქართული ოცნების ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი, რომელმაც სამხედრო ნეიტრალიტეტზე ილაპარაკა. აქციაზე იმყოფებოდა ია მეტრეველიც, რომელმაც ჰომოფობიური გზავნილები გააჟღერა, ასევე, ისაუბრა იმაზე, თითქოს “ვითომ საქართველოს მეგობრები ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს”.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიის კითხვის პასუხად შეაფასა 30 აპრილს თბილისში მუსიკოსისა და ტელეწამყვანის, გია გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობისა“ და მსახიობისა და ყოფილი დეპუტატის, ზაზა პაპუაშვილის, მიერ ორგანიზებული აქცია და თქვა, რომ ეს იყო ქართული იდეით, ეროვნული ინტერესებით გამსჭვალული აქცია.
„მე რაც ვნახე, ეს იყო ქართული იდეით, ეროვნული ინტერესებით გამსჭვალული აქცია და პირიქით, ოპოზიციას მოვუწოდებდი, რომ ამ იდეებს ჩაუფიქრდნენ და დააბრუნონ საკუთარ ინტერესში, როგორც ერთ-ერთი განმსაზღვრელი პრინციპი გადაწყვეტილების მიღებისას. ეს ეროვნული ინტერესი რომ ამოგდებული აქვთ საკუთარი ლექსიკონიდან, საქართველოს ხსენება სადაც იქნება. ყველაფერთან რომ ელანდებათ პრორუსულობა და ანტიდასავლურობა, ეს არის პრობლემა. საბოლოო ჯამში, ჩვენი ოპოზიცია მივიდა იქამდე, რომ სადაც ითქმება სიტყვა ქართული, ელანდებათ პრორუსულობა და ანტიდასავლურობა, მათთვის უკვე ქართველობაც ანტიდასავლურობას ნიშნავს, როგორც ჩანს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია დასცილდა ქართველ ხალხს, ქვეყანას, ქვეყნის ინტერესებს და მოქმედებს სხვისი კარნახით და ინტერესებით.
გუშინ, 30 აპრილს თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, აქცია გაიმართა – აქცია დაიგეგმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გია გაჩეჩილაძის გადაცემა „უცნობის კიდობანში“. იდეა მსახიობ ზაზა პაპუაშვილს ეკუთვნოდა. ამ გადაცემაში ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფს. გაჩეჩილაძე და მისი სტუმრები ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოში კონსტიტუციით გამყარებულ მიზანს – ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.
აქციის დასასრულს მისმა ორგანიზატორებმა მოთხოვნები ჩამოთვალეს:
ნაციონალური მოძრაობის“ „დიქტატორულ რეჟიმს“ პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით აღსრულდეს.
უნდა გატარდეს სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკა, „რაც უმუშევრობას, დაბალ ხელფასებს და სიღარიბეს აღმოფხვრის“.
ევროკავშირის და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს – „კატეგორიულად მოვითხოვთ შიდა საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმეებში სრულ ჩაურევლობას“.
დაინერგოს სკოლებში ფუნდამენტური განათლება; შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება სასწავლო დაწესებულებებში; დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს.
ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს და მოწესრიგდეს სამართლებრივი ბაზა.
პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, „რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია, თავს მოხვეული მაედნები და სხვა ქვეყნის ომში ჩართვა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, დაანონსებული არეულობა, ხელისუფლების ძალადობრივი ცვლა, ერთმანეთთან დაპირისპირება არ მოხდეს და ყველაფერი ეს თავიდან ავიცილოთ“.

პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და ამავდროულად თბილისის მერი კახა კალაძე მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვინც გუშინ, 30 აპრილს, მომღერალ გია გაჩეჩილაძის (“უცნობის”) ორგანიზებულ აქციაზე მივიდა. კალაძის კომენტარს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.”ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, ვისთვისაც მშვიდობა მნიშვნელოვანია, ვისთვისაც სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა. მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც გამსჭვალულია პატრიოტიზმით, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება, ეკონომიკური განვითარება”, – ამბობს კახა კალაძე.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ გუშინ გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის მიერ ორგანიზებული პრორუსულ აქციაზე “საქართველოს სიყვარულის გარდა”, საუბარი სხვა არაფერზე ყოფილა.
“მოვისმინეთ ის, რომ იყო ხალხი გამოსული, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ეროვნულ ინტერესზე ფიქრობს და რა ვიცი, საქართველოს და საქართველოს სიყვარულის გარდა, მე მგონი, იქ არაფერზე არ იყო საუბარი. რა გამოდის? გამოდის, რომ ამ ხალხის თვალში, ვინც არიან კრიტიკოსები, საქართველოზე საუბარი ნიშნავს ანტიდასავლელობას და პრორუსობას?
ეს არის, საბოლოო ჯამში, სადაც ისინი ტოლობას სვამენ – როგორც კი ვინმე საუბრობს საქართველოზე, ეროვნულ ინტერესზე და ა.შ. იქვე გამოდის პირდაპირ იარლიყების მიწებება, თითქოს ეს არის ანტიდასვალური”, – განაცხადა მან.

გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ხალხი არ მისცემს ქვეყნის მართვის სადავეებს უცხოელს, რუსი იქნება ეს, ევროპელი თუ ამერიკელი. ხალხის მოთხოვნაა ეროვნული თვითმყოფადობა და ეს მოთხოვნა იქნება დაცული, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე გუშინდელ აქციას.

მისი თქმით, ეს იყო ქართველი ხალხის პასუხი ოპოზიციის და მისი მხარდამჭერი უცხოელი პოლიტიკოსების მიმართ.

„გუშინდელი აქცია იყო ქართველი ხალხის პასუხი ოპოზიციის და მისი მხარდამჭერი უცხოელი პოლიტიკოსების მიმართ. დასავლეთის ანტიქართულ რიტორიკას გაბრაზებული საზოგადოება დაუპირისპირდა. საზოგადოებამ გააპროტესტა ის, რასაც მისი სახელით მისავე საწინააღმდეგოდ საუბრობენ. ქვეყანა ეკუთვნის საზოგადოებას და მისი ბედი სწორედაც რომ მან უნდა გადაწყვიტოს და არა – ვინმემ სხვამ.

გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ხალხი არ მისცემს ქვეყნის მართვის სადავეებს უცხოელს, რუსი იქნება ეს, ევროპელი თუ ამერიკელი. ხალხის მოთხოვნაა ეროვნული თვითმყოფადობა და ეს მოთხოვნა იქნება დაცული. საყურადღებო იყო საზოგადოების განცხადება პრეზიდენტისთვის ლეგიტიმაციის შეწყვეტის თაობაზე. პრეზიდენტმა იმ ხალხში დაკარგა ლეგიტიმაცია, ვისი მხარდაჭერითაც ის არჩევნებში მოიპოვა. საზოგადოების გადაწყვეტილება პრეზიდენტზე არის იმის მაგალითი, რომ ხალხი არავის არაფერს პატიობს.

ოპოზიციის ზოგიერთი ღირსებადაკარგული სახე აუგად მოიხსენიებს ამ ხალხს. იმას, ვინც რესპუბლიკის მოედანზე მდგომი ხალხის ასაკზე ქილიკობს, მინდა, შევახსენო, რომ ამ თაობამ მოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობა, ამ თაობამ იბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ყველაზე მეტად სწორედ ამ თაობას შესტკივა გული სამშობლოზე. ამ მებრძოლმა საზოგადოებამ დაინახა ქვეყნის სუვერენიტეტის საფრთხე და მისი დაცვა გადაწყვიტა. მათ მსოფლიოს უთხრეს, რომ არ ტყუვდებიან და ვინც არ უნდა ისაუბროს საქართველოს დამოუკიდებლობაზე, რეალობა სულ სხვაა – დღეს ქვეყნის სუვერენიტეტი კვლავ საფრთხის წინაშეა. სწორედ ამ თაობამ იხსნა საქართველო სააკაშვილის რეჟიმისგან. სწორედ მათი შვილები, ახალგაზრდები იმსხვერპლა იმ პოლიტიკურმა გუნდმა, რომლის დაბრუნებასაც დღეს დასავლეთის ზოგიერთი ლიდერი ცდილობს.

გუშინდელმა დღემ ალბათ ყველა დაარწმუნა, რომ შეუძლებელია, საქართველოში ანტიქართული პოლიტიკის წარმოებით შედეგზე გახვიდე. შეუძლებელია სააკაშვილისა და მის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციის დაბრუნება ხელისუფლებაში. შეუძლებელია იმ მზაკვრული მიზნების განხორციელება საქართველოში, რაც მავანთ აქვთ. სამწუხაროა ის, რომ დღეს ამ მრავალჯერ ბრძოლაგადატანილ საზოგადოებას უწევს კვლავ ქუჩაში დგომა. ისინი იდგნენ იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებმაც ხმამაღლა თქვეს, რომ სურთ ქვეყნის განვითარება მხოლოდ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებით. მათ სურთ ევროპელობა საკუთარი ღირებულებებით და არა – ქართველობის გარეშე. სწორედ ეს ახალგაზრდობაა იმ თაობის საქმის ღირსეული გამგრძელებლები, რომლებმაც მოგვიტანეს ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება”, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

რესპუბლის მოედანზე გამართულ აქციას პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიცია აქციის ორგანიზატორების მოთხოვნებს არაადეკვატურად მიიჩნევს.

აქციის ორგანიზატორებმა უნდობლობა გამოუცხადეს საქართველოს პრეზიდენტს და ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს – მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდისთვის შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების მიცემა და შიდა საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმეებში სრული ჩაურევლობა.

“”ნაციონალური მოძრაობა” – “ქართული ოცნების” პარადიგმიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს და მიიღოს კანდიდატის სტატუსი. სალომე ზურაბიშვილის გზავნილები, ბოლო პერიოდის განმავლობაში, იყო უკრაინასთან მიმართებაში სწორი, ისევე, როგორც დასავლეთთან მიმართებაში და სწორედ ამ პროპაგანდით მოქმედებენ. მე ვფიქრობ, ახალი ვერაფერი გავიგეთ გუშინ,”- აცხადებს პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე.

“გირჩის”თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ ის ხალხი, ვინც ახლა პრეზიდენტს აკრიტიკებს, თავის დროზე დიდი გულშემატკივარი იყო მისი:

“ნაცების” ლიდერების ნაწილს ციხე მოხდილი აქვს, ნაწილი ახლა იხდის, ნაწილი “ქართული ოცნებისკენ” გადავიდა, საერთოდ. აქედან გამომდინარე, რაღა შეფასება უნდა გაკეთდეს მეტი?! მეტი სამართლებრივი შეფასება რომ გააკეთონ, თავიანთი ხალხი ეყოლებათ დასაჭერი სასამართლოში.

რაც შეეხება პრეზიდენტს, მე მგონია, რომ როდის მოხდა პრეზიდენტის გადაყვარება, ეს მომენტიც უნდა ყოფილიყო ნათლად ნათქვამი, თუ, რასაკვირველია, პრეზიდენტს გავაკრიტიკებდით, რადგან მე მახსოვს, რომ იგივე ხალხი პრეზიდენტის დიდი გულშემატკივარი იყო თავის დროზე,”- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

მსგავსი პოსტები

Back to top button