შეკრებილების რაოდენობა საკმარისი არაა და ისინი ტროტუარზეც დაეტევიან-საპატრულო პოლიცია

პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ გრძელდება – გმირთა მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე მოქალაქეებმა გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს.
აქციაზე სახელწოდებით “პიკეტირება – ხმაური თავისუფლებისთვის!” მოქალაქეები 18:00 საათიდან შეიკრიბნენ, მათი მიზანი გმირთა მოედნის სრული პიკეტირებაა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც ამბობს, რომ გზის გადაკეტვის აუციელბლობა არ დგას და კანონდარღვევაზე მიუთითებს.
ამ წუთებში, სამართალდამცველები გზაზე ვითარების დარეგულირებას ცდილობენ, მოქალაქეები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადაჰყავთ და ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას აძლევენ.
როგორც სამართალდამცველებმა შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადეს, გზის გადაკეტვა უკანონოა და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას აქციის მონაწილეების რაოდენობა მოითხოვს.
შსს-ს წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ ტერიტორიაზე არ იყო შეკრებილი მოქალაქეთა ის რაოდენობა, რომლის გამოც ბუნებრივად მოხდებოდა გზის გადაკეტვა.
“გზის გადაკეტვა კანონით აკრძალულია. თუ ამ ტერიტორიაზე ვერ დაეტევით, მხოლოდ მაშინ გექნებათ გზის გადაკეტვის უფლება, ჩვენთან შეთანხმებით”, – განუცხადა სამართალდამცველმა აქტივისტებს.
შეგახსენებთ, მორიგი საპროტესტო აქცია დღეს, რუსთაველის გამზირზე 19 საათიდან არის დაანონსებული
ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სხვა ადგილობრივების მონაწილეობით აქცია მიმდინარეობს.
ისინი სადავო კანონპროექტს აპროტესტებენ და როგორც ამბობენ, ცდილობენ, საჯარო მოხელეებს დისკომფორტი შეუქმნან.
აქციის მონაწილეები, რომელთა ნაწილი პროტესტს თბილისშიც შეუერთდა, ზუგდიდსა და დედაქალაქში პროტესტის გაგრძელებას გეგმავს.