საქართველოს პარლამენტი „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის საკომიტეტო განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტი მომავალი კვირიდან იწყებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის საკომიტეტო განხილვას.
ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით იქნება მიღებული რიგგარეშე სხდომაზე, რომლის მოწვევაც 18-19 ივლისს იგეგმება. მეორე და მესამე მოსმენით კი კანონპროექტს საშემოდგომო სესიაზე უყრიან კენჭს. პაპუაშვილის განცხადებით, ამნისტიით მსჯავრდადებულთა დაახლოებით 10%-მდე გათავისუფლდება, ხოლო საერთო ჯამში, სხვადასხვა სახით ის შეეხება პატიმრების ერთ მესამედს (სასჯელი შეუმცირდებათ 1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით). გარდა ამისა, პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს. რიგგარეშე სესიაზე პარლამენტი აპირებს კენჭისყრის გამართვას საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩეული გენერალური პროკურორობის კანდიდატის, გიორგი გაბიტაშვილის არჩევის საკითხზე.
„მინდა, მადლობა გადავუხადო რატი იონათამიშვილს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, რომელმაც ეს პროექტი მოამზადა, ასევე საქართველოს მთავრობისა და პროკურატურის წარმომადგენლებს, რომლებთან თანამშრომლობითაც ხდებოდა ამნისტიის პროექტის შემუშავება.
ეს არის საკმაოდ დაბალანსებული ამნისტიის აქტი, რომელიც პირველი ნაბიჯია იქითკენ, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, შემდეგ წლიური ანგარიშის დროსაც გაიმეორა და რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილია, შემცირდეს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა რიცხოვნობა. ჩვენ გარკვეულწილად შიდა მიზანიც დასახული გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ერთი მესამედით შემცირდეს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების საერთო რაოდენობა.
ეს ამნისტია, დაახლოებით 10%-მდე პატიმარს შეეხება დაუყოვნებლივ გათავისუფლების სახით და საერთო ჯამში, შეეხება პატიმრების ერთ მესამედს სხვადასხვა სახით. ცნობილია, რომ გათვალისწინებულია სხვადასხვა ფორმა – არის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ვადის განახევრება, ერთ მეოთხედით შემცირება, ერთი მეექვსედით შემცირება. საბოლოო ჯამში, ამნისტია 300-მდე მუხლს ეხება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
28 ივნისს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომა გაიმართა. საშემოდგომო სესია 3 სექტემბერს გაიხსნება. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ დაანიცირა.