აქციის მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გაშალეს

კარვის გაშლისას პოლიციამ დემონსტრანტებისთვის ხელის შეშლა სცადა, თუმცა, მომიტინგეებმა კარვის გაშლა მაინც მოახერხეს.
აქციის მონაწილეებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის საქალაქო სასამართლოდან მას შემდეგ გადმოინაცვლეს, რაც 19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარედ დემონსტრანტებმა კარვები გაშალეს- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე პუფებიც მიტანილია.
პოლიციელებმა მათთვის ხელშეშლა სცადეს, თუმცა უშედეგოდ – აქციის მონაწილეებმა მოახერხეს ორი ღია კარვის გაშლა.
დღეს საღამოს აქცია დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს ოთხ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
დემონსტრაცია დაიწყო მელიქიშვილის გამზირზე ფილარმონიასთან და გაგრძელდა მიმდებარე ტერიტორიაზე, – დაახლოებით იქ, სადაც 19 ნოემბრის აქციაზე მათე დევიძე დააკავეს.
მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს – ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა.
ცნობისთვის, მათე დევიძე 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს. მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აქციის მონაწილეებმა წაიკითხეს მათე დევიძისა და 60-ზე მეტი დაპატიმრებული დემონსტრანტის სახელი, რომლებსაც სინდისის პატიმრებად მიიჩნევენ და რომელთა გათავისუფლებასაც ევროპარლამენტი ითხოვს.
აქცია გრძელდება – დღეს უწყვეტი საპროტესტო დემონსტრაციების 197-ე დღეა.
მათე დევიძე დღეს, 12 ივნისს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დამნაშავედ ცნო „პოლიციელზე თავდასხმაში“ და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დროის ათვლა დაიწყება დაკავების დღიდან.
„მაშინ, როცა ამდენი ჟურნალისტის და აქციის მონაწილის ცემაში პასუხისმგებელი არ არის მიცემული პასუხისგებაში, ჩვენ გვწირავთ იმიტომ, რომ […]. ისინი არიან სისხლიან ძალაუფლებას და ფულს ამოფარებულები, ჩვენ უსამართლობას დავუდექით პირისპირ. მაპატიეთ, მეგობრებო, უნდა დავტოვო დარბაზი, რადგან არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა“, – თქვა მათე დევიძემ სასამართლო სხდომაზე, რომელიც დატოვა მანამ, სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა განაჩენის გამოცხადებამდე.
„სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“, – ეს იყო ბოლო ფრაზა, რომელიც მან დარბაზის დატოვებამდე თქვა.