ახალი დეტალები შაქარაშვილის მკვლელობის საქმიდან
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის 18 ტომიდან, “კურიერი” 6 მოწმის ჩვენებაზე ამახვილებს ყურადღებას და საბედისწერო ღამის დეტალების აღდგენას ცდილობს.
“ტოიოტა ქამრის” მგზავრები, – არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახო ჩიქოვანი, აკაკი ქვრივიშვილი და ერთი არასრულწლოვანი, გამოძიებასთან დეტალურად იხსენებენ შემთხვევის ადგილას გადაადგილების ტრაექტორიას.
ჩვენებებიდან იკვეთება იმ პირის სახელი და გვარი, რომელმაც მოკლული გიორგი შაქარაშვილი არაგვის ხიდის ქვეშ ასფალტიან ვიწრო გზაზე ბოლოჯერ ნახა და ეს პირი ვახტანგ ჩიქოვანია.
არასრულწლოვანი ბრალდებული ჩვენებაში ამბობს, რომ სწორედ ჩიქოვანისგან შეიტყო ფეხბურთელის გაუჩინარების ამბავი.
ამავე ჩვენების მიხედვით, ირკვევა, რომ ვიდრე “ტოიოტას” მარკის ავტომობილით ვასილ მახარაძე, ნიკოლოზ რევაზიშვილთან და კიდევ ერთ არასრულწლოვანთან ერთად მაგისტრალზე შემოტრიალდებოდა, ამ დროის განმავლობაში, შემთხვევის ადგილზე გაქცეულების კვალდაკვალ, აკაკი ქვრივიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი და აჩიკო გაგნიძე დარჩნენ.
ერთ-ერთი იმ სამი პირისგან, რომლებმაც, არასრულწლოვნის ჩვენების მიხედვით, ხიდის ქვეშ ჩაირბინეს, მორაგბე აჩიკო გაგნიძეა და ის ჩვენებაში ყვება, რომ ბრალდებულებიდან ორი მის წინ მირბოდა, ორი კი, – მის უკან. მისივე მონათხრობით, ოთხივე – “ტოიოტა ქამრის” უკანა სავარძლის მგზავრები იყვნენ. გამოდის, რომ მდევრებს შორის არ იყო მორაგბე ვასილ მახარაძე, რომელიც ავტომანქანას მართავდა. მორაგბე გაგნიძის ჩვენება ნაწილობრივ ემთხვევა არასრულწოვანის ჩვენებას, თუმცა ის გამოძიებასთან გვარებს არ აკონკრეტებს.
სავარაუდოდ, ორი ახალგაზრდა, რომელზედაც მორაგბე გაგნიძე საუბრობს, არასრულწლვნის მონათხრობის მიხედვით, ქვრივიშვილი და ჩიქოვანი იყვნენ. თავის მხრივ, არც ქვრივიშვილი უარყოფს, რომ ის ერთ-ერთი იყო, ვინც შაქარაშვილს და მის თანმხლებ ახალგაზრდებს სდია.
მესამე პირი, რომელიც სავარაუდოდ, მათ შორის იყო, ვინც შაქარაშვილს სდია და ვისზეც არასრულწლოვანი ჩვენებაშიც ყვება, რომ სწორედ მან ნახა, თუ რა მიმართულებით წავიდა შაქარაშვილი, – ვახტანგ ჩიქოვანია. თავად ჩიქოვანი მომხდარზე ყველაზე ცოტას და ზედაპირულად საუბრობს. ის შაქარაშვილის საქმის ბრალდებული და ამავდროულად, დაზარალებულია. ჩიქოვანი ერთ-ერთია იმ პირებს შორის, ვინც ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე მეგობრებთან ერთად, დაუპატიჟებლად მივიდა და დაპირისპირება გამოიწვია.
სწორედ ჩიქოვანია თბილისიდან ნაძალადეველების მცხეთაში ჩაყვანისა და შურისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი. მისი მეგობრების ჩვენებებით დადგინა ისიც, რომ ის არა მცხეთაში დარჩენილ ნაძალადეველებს, არამედ იმ ახალგაზრდებს ეძებდა, ვისთანაც აგარაკზე ჩხუბი მოუვიდა.
“ტოიოტა ქამრის” მძღოლს, მორაგბე ვასილ მახარაძეს, უბნელებისგან ოდნავ განსხვავებული ჩვენება აქვს და ისტორიას სრულად არ ყვება. ის კონფლიქტს თანმიმდევრულად აღწერს, თუმცა სხვა ჩვენებებისგან განსხვავებულ და არასრულ სურათს წარმოადგენს. ამბობს, რომ ახალგაზრდებს ცენტრალურ მაგისტრალზე აჩიკო გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და ვახო ჩიქოვანის ერთი მეგობარი მისდევდნენ.
ავტობანიდან მანქანის მობრუნების შემდეგ, მახარაძე მხოლოდ გურამ ამირხანაშვილის პოვნის ფაქტს ყვება და არ აზუსტებს, თუ ვინ იყო ის სამი პირი, რომელიც შაქარაშვილის დევნის შემდეგ ტრასაზე ამობრუნდა და მანქანში ჩაჯდა.
ის, რომ შაქარაშვილსა და ვახო ახვლედიანს “ტიოიტას” მგზავრებიდან სამი პირი გაეკიდა, ამას ნიკოლოზ რევაზიშვილის ჩვენებაც ადასტურებს.
ჩვენებების დეტალური შესწავლისა და “ტოიტა ქამრის” მგზავრების მონათხრობების მიხედვით, “კურიერმა” არაგვის ხევში მომხდარი ბოლო საბედისწერო ეპიზოდი აღადგინა და დაადგინა, რომ შაქარაშვილს 6-დან, სავარაუდოდ, სამი პირი მისდევდა და ისინი თავგატეხილი ვახტანგ ჩიქოვანი, მორაგბე არჩილ გაგნიძე და აკაკი ქვრივიშვილი იყვნენ.
არ არის გამორიცხული, რომ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარე საქმეში ბრალი სწორედ მათ დაუმძიმდეთ.
რა დროის განმავლობაში გაგრძელდა გიორგი შაქარაშვილის, გიორგი ქათამაძის, გურამ ამირხანაშვილისა და ვახო ახვლედიანის დევნა, უცნობია. გამოძიება ზუსტ დროს ჯერ ვერ აკონკრეტებს. სატელეფონო ანძების ამონაწერით დგინდება, რომ დაპირისპირების წუთებში, ვახო ჩიქოვანი მის მეგობარ ნიკა ჟვანიას ურეკავდა, რომელიც ხელკეტით, “მერსედესის” მარკის ავტომობილში იმყოფებოდა.
“მერსედესი” აგარაკიდან თორმეტ საათსა და 44 წუთზე გამოვიდა, რა დროსაც, გამორიცხული არ არის, რომ მისი მგზავრები მეგობრების დასახმარებლად ხიდის ქვეშ ჩასულიყვნენ, თუმცა ეს წერტილი სათვალთვალო კამერების არეალს სცდება.