საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს – დავით ზალკალიანი
"ლელოს" ლიდერები დღეს უკრაინის ელჩს შეხვდებიან

საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.
“ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით,” – წერს ზალკალიანი “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე, რითაც უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას უერთდება.
დღეს, 13:00 საათზე “ლელოს” ლიდერები ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდებიან.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა უკრაინის საელჩოში გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, საპარლამენტო ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” ლიდერების და “ლელოს” საგარეო მდივნის სტუმრობის მთავარი მიზანი უკრაინული სახელმწიფოსთვის და უკრაინელი ხალხისთვის თანადგომის გამოცხადებაა.
ასევე, შეხვედრისას “ლელოს” ლიდერები, დოლგოვს გადასცემენ უკრაინის მხარდამჭერ საგანგებო ნოტას, რომლის ადრესატიც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და უკრაინის რადას სპიკერი რუსლან სტეფან-ჩუკი არიან.
“საპარლამენტო ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” სახელით, გვსურს ამ რთულ დროს დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა უკაინელი ხალხის მიმართ.
ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას თავის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და მკაცრად ვგმობთ მის წინააღმდეგ წარსულში თუ აწმყოში განხორციელებული აგრესიის ყველა აქტს.
ჩვენ, „ლელოს“ ლიდერები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ უკრაინასა და საქართველოს შორის ორმხრივი კავშირებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სამხედრო მიმართულებებით. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო სპიკერო, გთხოვთ, მიიღეთ ჩვენი გულითადი კეთილი სურვილები უკრაინისა და მისი ხალხისადმი ამ ძნელბედობის ჟამს.საუკეთესო სურვილებით”, -ნათქვამია ნოტაში.