“ახალი პრინციპი” იუსტიციის სახლში
თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით იმუშავებენ. ამის შესახებ მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.
„გაიხსნება იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, ოღონდ ახალი პრინციპით ვიმუშავებთ. ახალი პრინციპი არის შემდეგი: იმისათვის, რომ თქვენ შეიტანოთ განაცხადი ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეთ იუსტიციის სახლის, საზოგადოებრივი ცენტრის ან დროებითი სანოტარო ბიუროს შენობაში, საჭიროა მოქალაქის პორტალის, my.gov.ge-ს მეშვეობით დაჯავშნოთ ეს ვიზიტი სასურველ დღესა და დროს. ამ პორტალის გვერდის ავლით შენობაში ვერც ერთი მოქალაქე მოხვდება. ჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე მოქმედებს. შესაბამისად, დღეიდან შეგიძლიათ, დაჯავშნოთ ვიზიტი ხვალ დილიდან თქვენთვის სასურველ დროს.
“ერთადერთი სერვისი, რომელიც არ იქნება აქტიური, არის რიტუალის მეშვეობით ქორწინების სერვისი, ვინაიდან ეს გულისხმობს გარკვეული ოდენობის ადამიანთა ერთად ყოფნას დახურულ სივრცეში.
დროებითი წესი იმოქმედებს, სულ მცირე, საგანგებო მდგომარეობის ვადით და ეპიდსიტუაციის შეფასების კვალდაკვალ, ამის კორექტირებას შევძლებთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შენობაში არ დაიშვება არავინ პირბადის გარეშე. ასევე, არ დაიშვებიან არასრულწლოვნები.
შესაბამისად, იუსტიციის სახლების ბავშვთა სივრცეები დარჩება დროებით დაკეტილი”. – განაცხადა წულუკიანმა.