მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ახალი სანქციები რუსეთს, უკრაინის 4 რეგიონის ანექსიისთვის

თეთრი სახლი აქვეყნებს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის ფორმალურად გაფორმებასთან დაკავშირებით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეერთებული შტატები გმობს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის თაღლითურ ანექსიას“, რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, „თელავს გაეროს წესდებას და მშვიდობიანი ერების მიმართ ზიზღს გამოხატავს“.

„ნუ დაუშვებთ შეცდომას: ეს ქმედებები არალეგიტიმურია. შეერთებული შტატები ყოველთვის პატივს სცემს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მცდელობების მხარდაჭერას, დაიბრუნოს კონტროლი თავის ტერიტორიაზე სამხედრო და დიპლომატიური ძალების გაძლიერებით, მათ შორის უსაფროების სფეროში 1,1 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი დახმარების სახით, რომლის შესახებაც აშშ-მა ამ კვირაში გამოაცხადა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ანექსიის შესახებ „რუსეთის ყალბი განცხადებების საპასუხოდ“, შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ახალი სანქციების შესახებ აცხადებს.

სანქციები რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეხებათ, რომლებიც პოლიტიკური და ეკონომიკური საშუალებებით უკრაინის ტერიტორიული სტატუსის უკანონო შეცლის მცდელობებს უჭერენ მხარს.

„ჩვენ შევკრავთ საერთაშორისო საზოგადოებას, ამ ნაბიჯების დასაგმობად და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობით მომარაგებას, რუსეთის თავხედური ძალისხმევის მიუხედავად, გადაუკეტოს მეზობელს საზღვრები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯო ბაიდენი ამბობს, რომ მოუთმენლად ელის, როდის მოაწერს კონგრესი ხელს უკრაინისთვის 12 მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე კანონს.

„მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს, უარი თქვან რუსეთის მიერ ანექსიის უკანონო მცდელობებზე და დადგნენ უკრაინის ხალხის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“, – წერია ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, სანქციების ახალ პაკეტში 1000-ზე მეტი ფიზიკური პირი და ორგანიზაციაა შესული, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან არიან დაკავშირებული.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქციების სამიზნე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი გახდა. კერძოდ, ორი საერთაშორისო მიმწოდებელი კომპანია, რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების სამი ლიდერი, მათ შორის, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა. „შავ სიაში“ მოხვდნენ რუსი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, მათ შორის სერგეი შოიგუს, დმიტრი მედვედევის, მიხაილ მიშუსტინის, ვალენტინა მატვიენკოს ოჯახები, ასევე რუსეთის 278 კანონმდებელი.

„ჩვენ არ ვიდგებით განზე, ვიდრე პუტინი თაღლითურად ცდილობს უკრაინის ნაწილების ანექსიას. სახაზინო დეპარტამენტი და აშშ-ის მთავრობა მიმართავენ მტკიცე ზომებს, რათა კიდევ უფრო შეასუსტონ რუსეთის ისედაც დეგრადირებული სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი და ძირი გამოუთხარონ მის შესაძლებლობას, აწარმოოს თავისი უკანონო ომი“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა ჯანეტ იელენმა.
იელენის თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები არ იყოყმანებენ, მიიღონ მკაცრი ზომები რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებსაც კავშირი აქვთ ამ ომთან და ამ ყალბ „რეფერენდუმებთან“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „ხელმძღვანელებმა“, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“, ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პუტინის მიერ გამოცხადებული უკანონო ანექსია არაფერს შეცვლის.

როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ ხელი დღეს მოაწერეს.

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის ოთხი ტერიტორიის უკანონო ანექსიის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერა.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ცნობით, ახალი ზომები შეზღუდავს რუსეთის წვდომას ბრიტანეთის მთავარ კომერციულ და ტრანზაქციულ სერვისებზე, ასევე აკრძალავს რუსეთში თითქმის 700 სახის საქონლის ექსპორტს, რომლებიც გადამწყვეტია სერიული წარმოებისთვის.

„გაერთიანებული სამეფო კატეგორიულად გმობს პუტინის განცხადებას უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიის შესახებ. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ამ ყალბი რეფერენდუმის შედეგებს ან უკრაინის ტერიტორიის ანექსიას. რუსეთის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს საერთაშორისო სამართლის ამ საზიზღარ დარღვევაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ ეკონომიკური ზეწოლა ახალი მიზნობრივი სერვისების აკრძალვით. ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და გაერთიანებული სამეფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაეხმაროს მათ ბრძოლას თავისუფლებისთვის”, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმზ კლევერლიმ.

ამასთან, მისივე განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს.

„დავიბარე რუსეთის ელჩი, ანდრეი კელინი, რათა მკაცრად გავაპროტესტო პუტინის განცხადება სუვერენული უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიის შესახებ“, – განაცხადა ჯეიმზ კლევერლიმ.
ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრნდობით ავრცელებს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ევროკომისიამ საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, დააწესოს დამატებითი სავაჭრო შეზღუდვები და გააფართოვოს შავი სია, ასევე განიხილოს საზღვაო გზით ტრანსპორტირებული რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარის დაწესება.

როგორც „როიტერი“ წერს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებმა ბრიუსელში აღნიშნული ინიციატივა პარასკევს განიხილეს და წინასწარი „მწვანე შუქი“ მისცეს. როგორც მოსალოდნელია, სანქციები საბოლოო დამტკიცება მომავალ კვირას მოხდება.

სანქციების დასაწესებლად საჭიროა, რომ მათ ევროკავშირის ყველა წევრმა დაუჭიროს მხარი, თუ მათ შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა გადასალახად ზედმეტად რთული აღმოჩნდება, საკითხი გადასაწყვეტად ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს გადაეგზავნება, რომლებიც 6-7ოქტომბერს პრაღაში შეიკრიბებიან. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე უნგრეთია.

მსგავსი პოსტები

Back to top button