მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ,,ვაგნერს,, საბრძოლო მასალას დაჰპირდა

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მის მებრძოლებს იარაღსა და საბრძოლო მასალას დაჰპირდნენ.

პრიგოჟინის განცხადებით, „ვაგნერელები“ ბრძოლის გასაგრძელებლად საჭირო შეიარაღებას და საბრძოლო მასალას მიიღებენ და თავდაცვის სამინისტროსთან ამასთან დაკავშირებით დიალოგს კურირებას გაუწევს რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი სერგეი სუროვიკინი.

„ჩვენ დაგვპირდნენ, რომ მივიღებთ საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად საჭირო შეიარაღებას და საბრძოლო მასალას. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ბახმუტთან შეგვიძლია, ვიმოქმედოთ ისე, როგორც გვსურს“, – ამბობს რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი.

მანამდე პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები 10 მაისს დატოვებენ ბახმუტთან პოზიციებს და გადავლენ „ზურგში მდებარე ბანაკებში“, რათა „ჭრილობები მოიშუშონ და შეინარჩუნონ პირადი შემადგენლობა“. იგი ამტკიცებდა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი იყო ის, რომ თავდაცვის სამინისტრომ მის მებრძოლებს არ მისცა საკმარისი საბრძოლო მასალა და არ სურდა, რომ ამის გამო მისი ხალხი “უაზრო სიკვდილისთვის განწირულიყო”.

მოგვიანებით, ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ გაუგზავნა მოთხოვნა ვლადიმირ პუტინს, რომ ბახმუტთან პოზიციებზე „ვაგნერის“ მებრძოლები ჩეჩნური სპეცრაზმის, „ახმატის“ წევრებმა ჩაანაცვლონ.

ამასთან, კადიროვი თავის მიმართვაში მოითხოვს პრიგოჟინისგან, რომ „ვაგნერელებმა“ დაიცვან პოზიციები, ვიდრე ადგილზე ჩეჩნური სპეცრაზმის წევრები ჩავლენ.
პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ ის, სავარაუდოდ, გადასცემს ბახმუტში თავისი მებრძოლების პოზიციებს კადიროვის ჯარისკაცებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button