მნიშვნელოვანისიახლეები

ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება-ოპოზიციის გამოსავალი

ოპოზიციას პასუხი არ აქვს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა. ამის ერთადერთი მიზეზია ის, რომ ისინი გადაწყვეტილებას ვერ იღებენ

ჩვენი პარტია თუ გადაწყვეტს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს თქვენი და სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს.
„ჩვენი გუნდის პოზიცია ძალიან გულწრფელია ამ და სხვა შემთხვევებზეც. პარტია იმისთვის არის პარტია, რომ ნებისმიერი არჩევნებისთვის მზად უნდა იყოს. ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის, მუნიციპალური არჩევნებისთვის. დღეს ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ჩვენი გუნდი თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მონაწილეობა, ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ცოტა მიკვირს ხოლმე, ერთი მხრივ, რადიკალურ განცხადებას აკეთებენ, არ ეხება ყველას, მაგრამ, მეორე მხრივ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ემზადებიან მუნიციპალური არჩევნებისთვის. ეს ჰგავს რაღაცნაირად არჩევნებზე მიპარვის მცდელობას“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

პარტია ”ლელო – ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ისინი ახალი, ეროვნული არჩევნების ჩატარებისთვის ემზადებიან, რომელიც, მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზაა.
როგორც ჯაფარიძემ განაცხადა ამ მომენტში თვითმმართველობის არჩევნებზე ნებისმიერი მსჯელობა დაბნეულობას იწვევს და მთავარი საკითხის გადაჭრისგან ყურადღების გადატანას ემსახურება.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემზადებით არჩევნებისთვის – ახალი ეროვნული არჩევნებისთვის, რომელიც აუცილებელია ამ ქვეყანაში მშვიდობის დამყარებისთვის, საზოგადოების გამთლიანებისთვის, ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისთვის. ახალი ეროვნული არჩევნები – სწორედ ეს არის აუცილებელი. ამისთვის ჩვენ ვემზადებით. ვემზადებით რეგიონებში, თბილისში, სხვა ქალაქებში. ხელისუფლება დღეისთვის არ არის მზად, რომ დანიშნოს, მაგრამ ცხადია, რომ ის ვითარება, რომელიც ახლა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ირგვლივ არის შექმნილი, შეუძლებელს ხდის ხელისუფლებამ თავის მოკატუნება გააგრძელოს. ვითომ ქვეყანაში კრიზისი არ არის და ამავდროულად, მთელი ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებული იყოს, რაც დიდ პრობლემებს უქადის ჩვენ ქვეყანასა და თანამოქალაქეებს. ერთადერთი ცივილიზებული, დემოკრატიული გამოსავალი არის ახალი არჩევნების ჩატარება, ოღონდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ასევე, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს ყველაფერი ქმნის უკიდურეს დაძაბულობას ქვეყანაში. ქვეყანა უკვე ვეღარ გაუძლებს ამ დაძაბულობის გაგრძელებას, ამიტომ საჭიროა კრიზისი განმუხტვა.
ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მხოლოდ ახალი, ეროვნული არჩევნების ჩატარებაზე. ნებისმიერი მსჯელობა ამ მომენტში თვითმმართველობის არჩევნებზე მხოლოდ და მხოლოდ დაბნეულობას იწვევს და ემსახურება ფოკუსის გადატანას მთავარი პრობლემის გადაჭრისგან. მთავარი პრობლემა არის პოლიტიკური კრიზისი”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ რომ დასცლოდა და რომ არა ბიძინა ივანიშვილის, ქართველი ხალხის ღირსება, ესენი ასე სათითაოდ აღარ დაგვიწყებდნენ დევნას, ამაზე დროს არ დაკარგავდნენ. გააკეთებდნენ დიდ გაზის საკნებს, როგორც ფაშისტურ გერმანიაში და ერთიანად მოგვიღებდნენ ბოლოს, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
ღუდუშაურის თქმით, სააკაშვილს და „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ წარმომადგენლებს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით არანაირი სინანული არ გამოუხატავთ და მათი ზნე არ იცვლება.
„როგორც ჩანს, სააკაშვილი აქტიურად უყურებს ჩვენი კომისიის სხდომებს, თვალყურს ადევნებს და ხედავს ამ ყველაფერს. შიგადაშიგ აკეთებს განცხადებებს თუ კომენტარებს. მოვისიმინეთ აქ განხილულ საკითხებზე, მე ვიტყოდი, მორიგ ჯერზე აღიარება და ამორალური კომენტარები, დარწმუნებული ვარ, კვლავაც წარმატებით გააგრძელებს. არ მსმენია, ერთხელ მაინც ვინმეს, სააკაშვილს ეთქვა, რომ, იცი რა, რაღაც შეგვეშალა, ბოდიში, რაღაც მსგავსი, ან სინანული გამოეხატა. ის არის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში. ამ ხალხის არც ზნე იცვლება, ესენი ასეთები არიან, დიახ, ბოროტები არიან, სამწუხაროა, რომ მათგან ეს ბოროტება ვერ გავიდა, მიუხედავად ამდენი წლისა, მაინც ისეთივე ბოროტები, ისეთივე პატარა კაცები დარჩნენ, ისეთივე არაკაცები დარჩნენ. როგორ შეიძლება, სხვაგვარი კომენტარი გააკეთო, როდესაც გესმის, რომ ისტორიის სირცხვილი, სააკაშვილი, როცა იყო ქვეყნის პრეზიდენტი, გამოდიოდეს და აკეთებდეს განცხადებას, თურმე ვიღაც მოსაკლავი ყოფილა, ვიღაცას, დიახ, თურმე ასე უნდა გასწორებოდნენ, ეს ხომ გაუგონარი, წარმოუდგენელია. ასე ტერორისტები არ იქცევიან, ასე არაადამიანები იქცევიან მხოლოდ. ისტორიას თითებზე ჩამოსათვლელი მაგალითები აქვს ასეთი სისასტიკის. რომ დასცლოდათ ამათ და რომ არა ბიძინა ივანიშვილის, თქვენნაირი თავდადებული ადამიანების, ქართველი ხალხის ღირსება, ესენი ასე სათითაოდ აღარ დაგვიწყებდნენ დევნას, ამაზე დროს არ დაკარგავდნენ. დარწმუნებული ვარ, გააკეთებდნენ დიდ გაზის „კამერებს“, როგორც ფაშისტურ გერმანიაში და ერთიანად მოგვიღებდნენ ბოლოს.
გვარამია, სხვები ახსენეთ. ჯერ როგორი კაცები არიან და როგორი ვითომ „ვაჟკაცები“ არიან, კარგად ვიცით, საზოგადოებამ კარგად იცის. არ ვიცი, უყურეთ თუ არა რამდენიმე დღის წინ, სასამართლოს შენობაში დადიან და იგინებიან. რა ბედი ეწეოდა ამის ჩამდენს, ვინმეს ეს რომ გაკეთებინა, ხომ ცოცხალი არ იქნებოდა? სად დემოკრატია, სად ამათი სამართალი, სად ამათი სიმართლე. სააკაშვილი კარგს შვება, რომ თვალყურს ადევნებს კომისიის სხდომებს, ხშირად უყუროს და გაიხსენოს, რას ჩადიოდნენ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ესენი რაიმე სინანულამდე მივლენ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ზილების რევოლუციის“ საქმესთან დაკავშირებით გოჩა კაკოიშვილს მოუსმინეს.

ოპოზიციას პასუხი არ აქვს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა. ამის ერთადერთი მიზეზია ის, რომ ისინი გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. გადაწყვეტილების მიღების სადავეები მათ ხელში არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძის თქმით, ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, დამოკიდებულია იმ გარე ძალებზე, რომლებიც მათ მართავენ და აფინანსებენ, რათა ქვეყანაში რადიკალიზმი განვითარდეს.
„ვიდრე მათ დავალება არ ექნებათ, მანამდე ქაოტური ვითარება იქნება, როცა ვერ ყალიბდებიან და ურთიერთგამომრიცხავ აზრს აფიქსირებენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ რადიკალების ჯგუფი თავის თავს არ ეკუთვნის, მთლიანად მართული არიან. „ქართული ოცნება“ მეათე დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, რადგან საზოგადოება ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაში საბოლოოდ დარწმუნდა, რომელსაც ამ ქვეყნის გაძლიერება უნდა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ იცის მოსახლეობის განწყობები და აქედან გამომდინარე, დარწმუნებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებაში.
მახაშვილის თქმით, ოპოზიცია სრულად დისკრედიტირებულია.
„ოპოზიციის მხრიდან არაერთი გაუაზრებელი ინიციატივა და იდეაც მოვიფიქრეთ. ოპოზიციის მდგომარეობა ჰგავს ჭაობში ჩავარდნილ ადამიანს, რომელმაც იმის ნაცვლად, რომ შველა ითხოვოს, სრულიად ახალ-ახალ, გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებს და ისეთ მოძრაობებს აკეთებს, რაც მას აზიანებს და ჭაობის სიღრმეში უფრო მიექანება. ჩვენს გამარჯვებაში იმიტომ ვართ დარწმუნებული, რომ არცერთი წამით არ შეგვიჩერებია მოსახლეობასთან ურთიერთობა და მათი განწყობებიც ვიცით. ხელისუფლების ძლიერი პოზიციები და ოპოზიციის სრული დისკრედიტაცია გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

საქართველოში ლეგიტიმაციის პირველწყარო ქართველი ხალხია, რომელიც 2012 წლიდან დღემდე მხარდაჭერას უცხადებს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, ხოლო რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკურ სანაგვეზე უთითებს ადგილს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, არც თვითმმართველობის არჩევნები იქნება გამონაკლისი, ვინაიდან „ქართული ოცნების“ რეიტინგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაზრდილია
„რადიკალების მიმართ საზოგადოების ნდობა ძალზედ მცირეა, ფაქტობრივად, ნულოვან ზღვარზეა დასული. აგენტურული ოპოზიცია იმას აკეთებს, რასაც დაავალებენ. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობას თუ მიიღებენ, ეს დავალების ჭრილში იქნება. თუ არ მიიღებენ, ეს მათი ნება-სურვილით არ იქნება გადაწყვეტილი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button