“ახალი წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიურო დაიხურება”
საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა ქეთევან ქარდავამ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა, სადაც ის წერს რომ ახალი წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიურო დაიხურება.
ქარდავას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“სიახლე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ჩემს ერთგულ მაყურებელს , ვისგანაც ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას შევატყობინო ეს ახალი ამბავი. არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1 თებერვლიდან საზ. მაუწყებლის ევროპის ბიურო იხურება. მიზეზად მენეჯმენტი ფინანსებს ასახელებს. არხის ხელძღვანელობა ფიქრობს, რომ თბილისიდან უფრო იაფია და ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული ევროპაში ნატოზე და ევროკავშირზე სიუჟეტების მომზადება, ვიზიტების გაშუქება, ვიდრე ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან ევროპის სხვა ქალაქებში გადასვლა. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს”- წერს ქარდავა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიუროს კიდევ ერთმა ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ, აღნიშნული ამბავი რადიო თბილისისგან შეიტყო.მან ამბავს დასანანი უწოდა.
“ახლა შევიტყვე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება ბრიუსელის ბიუროს დახურვის შესახებ, ძალიან სამწუხაროა, თუმცა არხის ხელმძღვანელობამ ასე გადაწყვიტა”
საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ დრომდე ოფიციალური განმარტება არ გაუვრცელებია. თუმცა ჩვენთან საუბარში ია ანთაძემ, მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანაშემწემ, განაცხადა, რომ ბიუროს არ ხურავენ.
“ბიუროს არ ვხურავთ.საგარეო მიმართულებას ორჯერ ვაძლიერებთ,ხვალ ბიუჯეტი დამტკიცდება”- თქვა ანთაძემ.
ევროპის ბიურო მაუწყებელს 2010 წლიდან გააჩნია.