მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სეპარატისტების ცნობით მათ უკრაინული ქალაქი ლიმანი აიღეს

სამი თვე ომის დაწყებიდან რუსეთის ჯარებმა კიდევ უფრო გააძლიერეს უკრაინის უკანასკნელი საყრდენი პუნქტების დაბომბვა ლუგანსკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც, ბოლო კვირების განმავლობაში, ყველაზე დიდ სამხედრო წარმატებას აღწევენ და ახლოს არიან მნიშვნელოვანი ქალაქების, ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის აღებასთან.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 მაისს განაცხადა, რომ უკრაინაში დიდად არ სურთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარი, მაგრამ უნდა აღიაროს რეალობა, რომ ეს, ალბათ, საჭირო იქნება ომის დასასრულებლად.

“რა გვსურს ჩვენ ამ შეხვედრიდან? ჩვენ გვსურს, რომ დავიბრუნოთ ჩვენი სიცოცხლე.. გვსურს, ავაღორძინოთ სუვერენული ქვეყნის არსებობა მის კუთვნილ ტერიტორიაზე”, – განაცხადა 27 მაისს ინდონეზიის ანალიტიკური ცენტრისადმი მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის სიტყვებსაც “როიტერი” ციტირებს.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთი არ არის მზად სერიოზული მოლაპარაკებისთვის.

პასუხად კრემლში კიევი მკაფიო პოზიციის არქონაში დაადანაშაულეს. “უკრაინის ხელისუფლება გამუდმებით აკეთებს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას. ეს ჩვენ არ გვაძლევს საშუალებას, სრულად გავიგოთ, თუ რა სურს უკრაინის მხარეს”, – თქვა 27 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

უკრაინის ხელისუფლება დონბასში რთული ვითარების გამო, პარტნიორი სახელმწიფოებისგან ისევ ითხოვს მძიმე შეიარაღებით სასწრაფოდ დახმარებას.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ ღამით ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ დონბასზე ოკუპანტების შეტევამ, ეს რეგიონი შესაძლოა, უკაცრიელი გახადოს. ზელენსკის თქმით, რუსეთს სურს ფერფლად აქციოს ქალაქები: პოპასნაია, ბახმუტი, ლიმანი, ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი, როგორც ეს ვოლნოვახასა და მარიუპოლში გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, დონეცკსა და ლუგანსკში, რუსეთთან საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქებსა და თემებში, რუსებს მიჰყავთ ყველა, ვინც შეუძლიათ, რათა საოკუპაციო კონტინგენტში მოკლულების და დაჭრილების ადგილი შეავსონ. “ეს ყველაფერი, მათ შორის ჩვენი ხალხის დეპორტაცია და სამოქალაქო პირების მასობრივი მკვლელობა, აშკარა გენოციდის პოლიტიკაა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ამასთან უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქებში ბრძოლები გრძელდება ოფიციალური კიევი ოლქის ერთ-ერთი ქალაქის სავარაუდო დაკარგვის შესახებ ალაპარაკდა. ლიმანი რუსეთის მთავარი სამიზნეა. ამ გზით მოსკოვი დონბასზე სრული კონტროლის დაწესებას ცდილობს.ცოტა ხნის წინ პრორუსმა სეპარატისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ უკრაინული ქალაქი ლიმანი აიღეს.

რადგან ლიმანი ერთგვარი სარკინიგზო ჰაბია აღმოსავლეთ უკრაინაში, ის რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია.

კიევი ამბობს, რომ რუსული ჯარი სრული მობილიზებით და სასტიკი ქმედებებით უტევს უკრაინულ ქალაქებს, ბომბავს საცხოვრებელ სახლებს, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს ზრდის.

რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში უკვე 3 თვეზე მეტია გრძელდება. ამ ხნის მანძილზე მოსკოვმა სტრატეგია რამდენჯერმე შეცვალა. მას შემდეგ რაც რუსულმა ჯარმა ვერ აიღო კიევი და ხარკივი, მოსკოვმა 3 თვის თავზე სრულიად განადგურებული ქალაქი მარიუპოლის დაპყრობა შეძლო და ახლა მთელი ძალებით უტევს აღმოსავლეთით მდებარე სხვა ქალაქებს.

ოლექსი არესტოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ მოსკოვი აუმჯობესებს საკუთარ ტაქიკას.

„გავრცელებული ინფორმაციით ჩვენ დავკარგეთ ქალაქი ლიმანი,“- ამბობს ვიდეოში არესტოვიჩი და ამატებს, რომ თავდასხმა კარგად ორგანიზებული იყო. „ეს აჩვენებს, რომ (რუსეთი) აუმჯობესებს საკუთარ ოპერატიულ მართვას და ტაქტიკურ შესაძლებლობებს,“- თქვა არესტოვიჩმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button