მნიშვნელოვანიმოზაიკა

ახლა რაზე ფიქრობთ?! – რამაზ სამხარაძის ბლოგი

„ახლა რაზე ფიქრობთ?“ – ტენესის შტატში ნეშვილის დავყურებთ თავზე, 4-კაციან პატარა თვითმფრინავში, სადაც მე, თაზო, ლია და ბადი ვართ, თავად ამ თვითმფრინავის მფლობელი ბადი გვეკითხება….

რაზე ვფიქრობ და ახლა ეს თვითმფრინავი რომ ჩამოვარდეს, წარმომიდგენია რა ამბები მოხდება მეთქი. ამერიკის და საქართველოს მთავარ თემებში ვიქნებით, ჰედლაინებსაც გეტყვი მეთქი…

ბადი, რომელიც თავად მართავდა თვითმფრინავს, გაოცებული სახით, მთელი ტანით შემობრუნდა ჩემსკენ, უკანა მხარეს, სადაც მე და თაზო ვისხედით…წინ მჯდომ ლიას სიცილი წასკდა.
74 წლის კაცი ვარ და ჯერ სიკვდილზე არ ვფიქრობ, თუმცა მესმის შენიო, როგორც ჩანს, თქვენი ქვეყნის მენტალიტეტზე 70- წლიანმა საბჭოთა რეჟიმმა და მერე ომებმა იმოქმედაო…დღემდე მუდამ პოზიტივზე ვარ ორიენტირებულიო – თქვა ბადიმ და მართალიც იყო.

2015 წლის შემდეგ ცუდი აზრები აღარ მომდის თავში…ერთგვარი გაკვეთილი აღმოჩნდა ჩემთვის ,,ნეშვილის ცის ფიქრები”.

ბადი შეერთებულ შტატებში ცნობილი რადიომენეჯერია, ახლა 77 წლისაა და 29 რადიოსადგურის მფლობელია, ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე – როსმარი და ნეშვილში ორსართულიან ულამაზეს სახლში, მდიდრების დასახლებაში ცხოვრობს.

ძალიან გაგვიმართლა, რომ ჯერ აშშ-ს საელჩოს პროექტში GMPP – ის პროგრამაში რადიო ჰერეთმა გაიმარჯვა და მეორეც შეერთებულ შტატებში უჩვეულო მასპინძლები დაგვხვდნენ, რომლებიც ჩემი ცხოვრების მანძილზე არასოდეს დამავიწყდება.

მე და ჩემი კოლეგები სულ 4 კაცი (ტექნიკური, ფინანსური და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელები), ამერიკის შეერთებულ შტატებში გავემგზავრეთ.
ეს ამერიკაში ჩემი მესამე ვიზიტია…


ყოველ ჩასვლაზე განსხვავებული და მრავალფეროვანი ამერიკა მხვდება,რომელიც უკვე ძალიან ჩემია…როცა ამერიკული სტუმართმოყვარეობა ვნახე, უამრავი მითი, რომელიც ჯერ კიდევ 2003 წლამდე ამ ქვეყანაზე მქონდა შექმნილი, მყისიერად დაიმსხვრა.
ამერიკელი, რაც არ უნდა დიდი ფული ჰქონდეს, ძალიან უბრალოა – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით…მასთან კომუნიკაცია მარტივია და რაც მთავარია, თანასწორად აღგიქვამს. იღებენ ადამიანებს ისეთებს, როგორებიც არიან.

ბადის რადიოსადგურები ამერიკის 4 შტატშია განთავსებული და ეს ვერტმფრენიც იმიტომ შეიძინა,(რომელიც ფაქტობრივად ჩემხელაა, 1978-ი წლის გამოშვება) რადიოებთან თათბირი და კომუნიკაცია მარტივად და დროულად შეძლოს, ხან ერთ შტატში მიფრინავს და ხან მეორეში…


ბადი რადიოების გულია, თანამშრომლებს და კოლეგებს უყვართ…რადიოებში თბილი და მეგობრული სტაფი დაგვხვდა, რომლებიც უშურველად გვაძლევდნენ ყველა საჭირო ინფორმაციას რადიოს მუშაობის შესახებ ამერიკაში..

მთავარი რადიოს ოფისის დერეფანში დიდი ზარი ჰკიდია…ვიკითხეთ, რატომ იყო ეს ზარი ჩამოკიდებული…ეს ზარი აქ სპეციალურად გვიკიდია, როდესაც გაყიდვების მენეჯერი ოფისში შემოდის, თუ რეკლამა მოიტანა, ამ ზარს ჩამოჰკრავს და ყველა ვხვდებით, რომ კომპანიაში ფული შემოვიდა…მთელი სტაფი დერეფანში გამოდის და ოვაციებით ვეგებებით ჩვენს გაყიდვების მენეჯერსო – მას შემდეგ ასეთი ზარი რადიო თბილისის ოფისშიც გვაქვს – ნეშვილიდან წამოვიღეთ, საოცრად დიდი მოტივაციაა ყველა თანამშრომლისთვის. გარდა იმისა, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა, იმის შეგრძნებაა, რომ მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში, ყველაფერი მაგრად იქნება.

რადიო თბილისის FM93.5-ის დაგეგმვა სწორედ ამერიკული ვოიაჟის მერე დავიწყეთ…იქაურმა ხედვამ დიდი მუხტი მოგვცა რადიო უკეთესად დაგვეგეგმა და კარგ შედეგებზე გავსულიყავით უმოკლეს დროში, მაღალი კონკურენციის პირობებში…

ქართველებს თავი ზე-სტუმართმოყვარედ რომ მიგვაჩნია, ეს მითი აუცილებლად დაგემსხვრევათ, როცა ამერიკას ნახავთ და ნამდვილ ამერიკელებს გაიცნობთ…

ერთი ადგილი არ დარჩა ნეშვილში, რომელიც ბადის თვალს გამოეპარა, ყველაფერი საკუთარი ავტომობილით მოგვატარა და თან ამა თუ იმ ადგილის ისტორიას გვაცნობდა…დღის ბოლოს კი სასტუმროში სასიამოვნოდ დაღლილები მივდიოდით…


გოლფის თამაში, ამერიკული ფეხბურთი, ცნობილი პოლიტიკოსებისა და სენატორების გაცნობა, არაერთი მუზეუმის და ქანთრი მუსიკის დედოფლის შანია თვეინის კონცერტზე (რომელსაც 30 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა) ყოფნაც მოვასწარით-ბადიმ იზრუნა.
ნეშვილი ქანთრი მუსიკის სამშობლოა და თითქმის ყველგან იგრძნობოდა, რომ მუსიკის დედაქალაქში ხარ… სადაც სულ მხარული სახეებია და ყველა მღერის…ამ კაცს მუსიკის ელჩის წოდება აქვს ტენესში.


თუ ამერიკელი სახლში დაგპატიჟებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის ძალიან საპატიო სტუმარი ხარ.
როსმარიმ, ბადის მეუღლემ საკუთარ მომზადებულ კერძებზე სახლში გვიმასპინძლა. როსმარი არაჩვეულებრივად ამზადებს, პროფესიით ექთანია, თუმცა თავისუფალ დროს ხატვასა და წერას უთმობს – წიგნიც აქვს გამოშვებული, ტრეინინგი მეუღლეებისთვის, უფრო სწორად ქალებისთვის – რომელიც ქართულად დაახლოებით ასე ითარგმნება – „როგორ მოვარჯულოთ ქმარი“.


ბადის კი არაფერი სჭირს მოსარჯულებელი, რადგან ყველაფერი დალაგებული აქვს, თუმცა როსმარის წიგნი ტენესში გაყიდვების ჩარტებშია.
რომ არა ის დიდი მისია, რაც საქართველოში მაქვს, ცოტაც და იქ დამიტოვებდნენ… როსმარის ისე მოეწონა ჩემი ფორტეპიანოსთან მეგობრობა…იქ ყველას გამოუცხადა რამაზს ვიშვილებთ და თქვენც მის გამო აქ დაგტოვებთო…


ამერიკელები ნამდვილი პატრიოტები არიან, და ეს პატრიოტიზმი ყველგან იგრძნობა…სახლზე დროშით დამაგრებული და გულში ამერიკაზე ფიქრით…როგორ გახადონ უკეთესი, როგორ წარმოაჩინონ, როგორ გააცნონ უკეთესად სხვებს, როგორ გამოხატონ პატივისცემა, ტოლერანტობა,თანადგომა, სოლიდარობა, მხარდაჭერა და სიყვარული.

რამაზ, ჩემს შვილს ჩემი ბიზნესები არ აინტერესებს, მას თავისი აქვსო… მე რომ გარდავიცვლები, ზუსტად ვიცი, რომ ამ ქონებას ამერიკას დავუტოვებო…ქვეყანაც ასეა მოწყობილიო.

და თქვენ ახლა რაზე ფიქრობთ?

 

English  – What Are You Thinking About Right Now? – Blog By Ramaz Samkharadze, Owner Of Radios Hereti And Tbilisi

 

მსგავსი პოსტები

Back to top button