მნიშვნელოვანისიახლეები

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ცესკო ე.წ. არჩევნების შედეგებს გამოაქვეყნებს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ცენტრალური საარჩევნო კომისია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას სამშაბათს, 12 აპრილს, გეგმავს.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ ოქმების დამუშავება ერთ დღეში, ორშაბათს დასრულდება“, – განაცხადა დე ფააქტო ცესკოს წევრმა მარინა ცხოვრებოვამ. მისი თქმით, „სამშაბათს, შესაძლოა, მედიაში ოფიალურად უკვე გამოქვეყნდეს კენჭისყრის შედეგები. თუ ხვალამდე დრო არ გვეყო, მაშინ გუშინდელიდან გვაქვს დრო, რომ ხუთი დღის განმავლობაში გამოვაქვეყნოთ ინფორმაცია“, – თქვა მან.

დე ფაქტო რესპუბლიკის წინასწარი შედეგების მიხედვით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 95%-ის დათვლის შემდეგ, მოქმედ ე.წ. პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს ხმების 33,5% აქვს, მას უსწრებს ალან გაგლოევი, რომელმაც ხმების 36,9% მიიღო. ალექსანდრე პლიევმა მიიღო ხმების 11,9%, გარი მულდაროვმა 8,9% და დიმიტრი ტასოევმა 2,8%, 1,8%-მა ხმა მისცა ყველას წინააღმდეგ.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 10 აპრილს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტს ვერცერთი კანდიდატი ვერ აგროვებს. წინასწარი ინფორმაციით, გაგლოევისა და ბიბილოვის მონაწილეობით, მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს ევროკავშირმა, ნატომ, აშშ-მა და საქართველოს სხვა პარტნიორმა სახელმწიფოებმა. სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ცნობენ მხოლოდ ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ეს ტერიტორია „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აქვთ აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.

მსგავსი პოსტები

Back to top button