რეგიონი

ახმეტაში მარტოხელა დედას ცემენტის იატაკზე დაგებულ ლოგინში სძინავს

29 წლის მანანა ხუციძე ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ქვემო ალვანის ყოფილი საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობს.
ათ წელზე მეტია, ოჯახს საკმარისი საწოლები არ აქვს და ახალგაზრდა ქალს იატაკზე დაგებულ ლოგინზე სძინავს.

მანანა ხუციძე ამბობს, რომ სახლში მინიმალური საცხოვრებელი პირობებიც არ აქვს და ორი ოთახი საძინებლის, სამზარეულოს და აბაზანის ფუნქციას ასრულებს.

” სახლი დაგვენგრა და აქ შემოგვასახლეს. ორი ოთახი გვიკავია. წლებია, ცემენტზე მძინავს, საწოლში ბავშვები წვანან. ჩემთვის საწოლს როგორ ვიყიდი, როცა მინიმალური საცხოვრებელი პირობები არ გვაქვს. ნივთებზე ლაპარაკი ზედმეტია, ბავშვებს სათამაშოებიც კი არ აქვთ. გაჭირვებას ისე მიეჩვივნენ, თხოვნასაც ვეღარ ბედავენ”– ამბობს მანანა.

ხუციძეების ოჯახის შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა, რომელიც მარტოხელა დედამ ყველაფერზე უნდა გაანაწილოს.

” სოციალური დახმარება ყველაფერზე უნდა გავანაწილოთ, შეშა, საკვები, სასკოლო ნივთები, ტანსაცმელი. გაზი არ გვაქვს, მხოლოდ ელექტროენერგიაა შემოყვანილი. საჭმელს ღუმელზე ვაკეთებ. ნეტავ ის შევძლო, ბავშვები გამოვკვებო. არის შემთხვევები, როცა ჩემი შვილები მშივრები იძინებენ”- ყვება ხუციძე.

მარტოხელა დედის მონაყოლით ირკვევა, რომ ოჯახი მერიის სოციალურ პროგრამებში ჩართული არ არის, არ სარგებლობს, შეშის, კომუნალური გადასახადებისა და უფასო მედიკამენტების პროგრამებით.

” არცერთი პროგრამით არ ვსარგებლობ, თვალებზე სერიოზული პრობლემა  მაქვს და სათვალე ვერ მიყიდია.  ჩემს გოგონას ფეხები სტკივა, ექიმმა სპეციალური ფეხსაცმელი დაუნიშნა, მაგრამ 100 ლარი ღირს და არც ამის შეძენა შეგვიძლია. სოციალურ ქსელში დახმარება ვითხოვე და ისე დამაბულინგეს, ხმას რაღა ამომაღებინებს” – ამბობს ხუციძე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ვაჟა ნასყიდაშვილი, განმარტავს, რომ ხუციძეების ოჯახის მდგომარეობას შეისწავლიან.

“ჩვენ გავაგზავნით სოფლის რწმუნებულს და გაერკვევა, რა უჭირს ამ ოჯახს. პროგრამებში რომ ჩავრთათ, დოკუმენტაცია სჭირდება და დავეხმარებით, რომ მოამზადოს ეს დოკუმენტები”-თქვა ნასყიდაშვილმა.

ხუციძეების ოჯახში მყოფი არასრულწლოვნები 7 და 9 წლის არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button