უკრაინის პრეზიდენტი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე ზალუჟნის ნაცვლად ორ კანდიდატს განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, ორ კანდიდატს განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა „ეკონომისტი“ წერს.
გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებია, არ ნიშნავს, რომ ამას უახლოეს მომავალში არ გააკეთებს. როგორც გამოცემა წერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზალუჟნის განუცხადა, რომ მის გადაყენებას აპირებდა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობა შესთავაზა, რაზეც ზალუჟნიმ უარი თქვა.
“ორმა წყარომ განაცხადა, რომ ზელენსკიმ მკაფიოდ მიახვედრა ზალუჟნის, რომ იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა ის ახალ თანამდებობაზე შეთავაზებას, ის გათავისუფლებული იქნება ამჟამინდელი პოზიციიდან”, – წერს FT.
ამასთან, ოთხივე წყარო ამბობს, რომ პრინციპული გადაწყვეტილება ზალუჟნის გათავისუფლებასთან დაკავშირებით უკვე მიუღებულია, თუმცა იმის გამო, რომ ინფორმაციამ მედიაში უკვე გაჟონა, შესაძლოა ფორმალურად გადაწყვეტილების გამოცხადების დრომ გადაიწიოს.
გამოცემის ინფორმაციით, ვალერი ზალუჟნის თანამდებობაზე ორი გენერალი განიხილება – უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრ სირსკი და დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი. ორივე საპრეზიდენტო გუნდთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა.
რადას დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს ინფორმაციით, “ზალუჟნის გადადგომის შესახებ განუცხადეს, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ბრძანება ჯერ არ არსებობს”.
ჟურნალისტებმა ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანს, სერგეი ნიკიფოროვს ჰკითხეს, გაათავისუფლეს თუ არა ზალუჟნი თანამდებობიდან, რაზეც მან უპასუხა: “არა. პრეზიდენტს არ გაუთავისუფლებია მთავარსარდალი”.
გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროც. უწყებამ ტელეგრამზე დაწერა: “ვპასუხობთ ყველას – არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება”.
ამასთან, გამოცემის ცნობით, გამოკითხვებმა არაერთხელ აჩვენა, რომ ვალერი ზალუჟნი უფრო პოპულარული იყო, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზლენსკი.
ასევე იტყობინებიან, რომ ზელენსკისა და ზალუჟნის შორის ურთიერთობები კვლავაც დაძაბულია.
გაზეთი ვარაუდობს, რომ ზალუჟნის მოხსნა აღშფოთებას გამოიწვევს უკრაინის ოფიცრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში.
Financial Times-ს მოჰყავს ერთ-ერთი ექსპერტის, სამხედრო ისტორიკოს მიხაილო ჟიროხოვის სიტყვები, რომლის თანახმად, ასეთი ნაბიჯი „უკიდურესად უარყოფით გავლენას მოახდენს არმიაზე“.
შეგახსენებთ, 29 იანვარს უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ ვალერი ზალუჟნის გადადგომის შესახებ განუცხადეს და მას ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ელჩის თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.