„ახტალის“ რეაბილიტაცია ნოემბერში დაიწყება
სამკურნალო-ბალნეოლოგიური განახლებული კურორტი „ახტალა“ პირველ სტუმარს 2023 წელს მიიღებს, ამის შესახებ კურორტის ხელმძღვანელმა გიორგი უტიაშვილმა “კახეთის ხმასთან” განაცხადა.
უტიაშვილის თქმით, პანდემიის მიუხედავად გეგმები არ შეცვლილა.
კურორტის სარეაბილიტაციო სამუშაოებს არაბული კომპანია, რომლის მფლობელობაშიც ახლა ახტალის კურორტია, მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყებს.
„დამსვენებლების ძირითად ნაწილს უცხოელები წარმოადგენდნენ. გარდა ამისა, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო ადგილობრივი დამსვენებლების აქტივობაც მეტ-ნაკლებად შემცირდა, თუმცა გეგმები არ შეცვლილა” – ამბობს უტიაშვილი.
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი „ახტალა“ ელექტრონულ აუქციონზე 2018 წლის ივნისში 3,76 მლნ ლარად გაიყიდა.
საბოლოოდ, მეპატრონე შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიაა“ გახდა, რომელიც საქართველოში 2019 წლის მარტში დარეგისტრირდა.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანიას ორი დირექტორი ჰყავს: კახა ამისულაშვილი და ზურაბ კახელაძე. თავის მხრივ, ამ შპს-ს 100 % წილს ფლობს GLOBAL VICTORY INVESTMENTS LIMITED-ი არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან.