ალ-შიშანი სირიის საავადმყოფოში გარდაიცვალა
ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მეთაური, “ომის მინისტრად” წოდებული თარხან ბათირაშვილი, რომელიც აბუ ომარ ალ-შიშანის სახელით იყო ცნობილი, სირიის ქალაქ რაქის მახლობლად განლაგებულ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
შესაბამისი ინფორმაცია ამერიკულმა ტელეარხმა CNN ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა.
მოგვიანებით პენტაგონში საველე მეთაურის სიკვდილის ფაქტი დაამოწმეს.
შეგახსენებთ, რომ აბუომარალ-შიშანი (თარხან ბათირაშვილი) 1986 წელს პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში დაიბადა. იგი ქართულ ჯარში დაზვერვის სერჟანტად მსახურობდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ბათირაშვილი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.
ბათირაშვილი 2012 წელ თურქეთში გაემგზავრა, იქიდან კი სირიაში გადავიდა, სადაც დაჯგუფება “ემიგრანტთა და პარტიზანთა არმიას” ხელმძღვანელობდა, რომელიც “ალ-ქაიდასთან” იყო კავშირში. შემდეგ ბათირაშვილი “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთ დაჯგუფებას – “მუჰაჯირების (ემიგრანტები) ბრიგადას” სათავეში ჩაუდგა.
2015 წელს ალ-შიშანმა განაცხადა, რომ 2008 წლის საქართველოს ომისთვის რუსეთს სამაგიეროს გადაუხდიდა.