ალ-შიშანი სირიის საავადმყოფოში გარდაიცვალა

ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მეთაური, “ომის მინისტრად” წოდებული თარხან ბათირაშვილი, რომელიც აბუ ომარ ალ-შიშანის სახელით იყო ცნობილი, სირიის ქალაქ რაქის მახლობლად განლაგებულ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

შესაბამისი ინფორმაცია ამერიკულმა ტელეარხმა CNN ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა.

მოგვიანებით პენტაგონში საველე მეთაურის სიკვდილის ფაქტი დაამოწმეს.

14 მარტს სირიაში ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფება და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

შეგახსენებთ, რომ აბუომარალ-შიშანი (თარხან ბათირაშვილი) 1986 წელს პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში დაიბადა. იგი ქართულ ჯარში დაზვერვის სერჟანტად მსახურობდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ბათირაშვილი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

ბათირაშვილი 2012 წელ თურქეთში გაემგზავრა, იქიდან კი სირიაში გადავიდა, სადაც დაჯგუფება “ემიგრანტთა და პარტიზანთა არმიას” ხელმძღვანელობდა, რომელიც “ალ-ქაიდასთან” იყო კავშირში. შემდეგ ბათირაშვილი “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთ დაჯგუფებას – “მუჰაჯირების (ემიგრანტები) ბრიგადას” სათავეში ჩაუდგა.

2015 წელს ალ-შიშანმა განაცხადა, რომ 2008 წლის საქართველოს ომისთვის რუსეთს სამაგიეროს გადაუხდიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button