ალბანეთის პრემიერ-მინისტრს ოპოზიციონერმა მელანი შეასხა
ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამას ოპოზიციონერმა დეპუტატმა მელანი შეასხა. ინციდენტი პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე მოხდა, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს განიხილავდნენ.
დებატების დროს „დემოკრატიული პარტიის“ წევრი ედი პალოკა მიუახლოვდა პრემიერ-მინისტრს და სავარაუდოდ, შპრიციდან სახეში მელანი შეასხა.
ინციდენტის გამო, ალბანეთის პარლამენტის სესიამ დროებით მუშაობა შეაჩერა, პალოკას კი 10 დღით დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერდა.
როგორც ოპოზიციონერმა კანონმდებელმა განმარტა, მისი ქმედება პრემიერ-მინისტრ ედი რამას მხრიდან ოპოზიციის მისამართით დაცინვამ გამოიწვია.
პარლამენტმა მუშაობა მალევე განაახლა და მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს მხარი დაუჭირა. ამგვარად, ალბანეთი ნატო-ს მესამე წევრი გახდა საბერძნეთისა და სლოვენიის შემდეგ, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილების რატიფიცირება მოახდინა.