მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებით დემოკრატიული ღირებულებების ეროზია ხდება,,-ALDE

„ევროპისთვის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის“ (ALDE) პრეზიდენტი, ევროპარლამენტის წევრი, გერმანელი პოლიტიკოსი სვენია ჰანი საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას ეხმაურება.

„აღშფოთებული ვარ! საქართველოში რეჟიმმა ლიბერალური ოპოზიციის კიდევ სამი ლიდერი დააპატიმრა. ეს პოლიტიკური დევნაა“, – წერს პოლიტიკოსი ფეისბუკზე.

„საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებების ეროზია ჩვენს თვალწინ ხდება. „ქართული ოცნების“ რეჟიმს უნდა ეშინოდეს მიმდინარე დემონსტრაციების, მზარდი საზოგადოებრივი ზეწოლისა და ხმამაღალი ოპოზიციის“, – აცხადებს ის.

სვენია ჰანის განცხადებით, ALDE, – ალიანსი ევროპაში 70-ზე მეტ წევრ პარტიას აერთიანებს, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ და „ლელოს“, – კვლავ აგრძელებს მეგობრებისა და დემოკრატიის მხარდამჭერი საქართველოს ხალხის მხარდაჭერას.

„ქართული ოცნების“ რეჟიმმა უნდა პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ლიბერალური პარტიების დაპატიმრებული ლიდერები, მოუხსნას ბრალდებები ოპოზიციას და საქართველო დააბრუნოს ევროპულ გზაზე, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და რასაც საქართველოს კონსტიტუციას მოითხოვს“, – წერს ALDE-ს პრეზიდენტი.

ფეისბუკ პოსტში მას მონიშნული ჰყავს გიორგი ვაშაძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ყველა მათგანი „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის არის ციხეში.

გიორგი ვაშაძეს შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს; ის დღეს 24 ივნისს დააპატიმრეს.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს – რვა-რვა თვით პატიმრობა; ისინი გუშინ, 23 ივნისს დააპატიმრეს.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს – შვიდი თვით პატიმრობა. ის 22 მაისს დააკავეს მას შემდეგ, რაც გირაოს თანხა არ გადაიხადა.
ყველა მათგანს ორი წლით აუკრძალეს თანამდებობის დაკავება.
ამავე მუხლით დაკავებულნი არიან ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ირაკლი ოქრუაშვილი. მათი განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუცხადებია.

ექსპრემიერი გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ.

16 ივნისს ცნობილი გახდა, ის კიდევ ერთხელ დაიბარეს კომისიაზე. ის 23 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ქვეყანაში არ იმყოფება. მისი პარტიის ცნობით, ის თანახმა იყო დისტანციურად ჩართვაზე, თუმცა კომისიამ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.

მეორედ არიან დაბარებულები ნიკა გვარამია და მამუკა ხაზარაძე – დისტანციურად, საპატიმროდან ჩართვით. სავარაუდოდ, ისინი არ ამჯერად გამოცხადდებიან.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის თანახმად, შესაძლოა, ხაზარაძისა და გვარამიას წინააღმდეგ კვლავ მიმართონ პროკურატურას.

24 ივნისს ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ ოქრუაშვილს დღეს საპატიმროში ახალი ბრალი წარუდგინეს – გორში მომხდარ „საყოფაცხოვრებო შემთხვევასთნა“ დაკავშირებით.

ცნობისთვის, დღეს, 24 ივნისს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ვაშაძე პარტიის ოფისში დააკავეს. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს “ძლიერი-საქართველოს” ორი ლიდერი – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, მასაც აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

მსგავსი პოსტები

Back to top button