მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ALDE-მ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპა ქართველ ხალხს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს-ჩიხლაძე

„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია – „სამართლიანი არჩევნების სტანდარტები და დემოკრატიული რეფორმები საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციისთვის“ მიიღო.

“ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი” (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას აქვეყნებს: “სამართლიანი არჩევნების სტანდარტები და დემოკრატიული რეფორმები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის”.

რეზოლუციაში ხაზგასმულია ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა. ასევე საუბარია რუსულ კანონსა და მისი მიღებით ევროინტეგრაციის შეფერხებაზე. რეზოლუციაში დაგმობილია კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს სამოქალაქო საზოგადოებებისა და ოპოზიციური პარტიების მიმართ მუქარის შემცველ სატელეფონო ზარები, დემონსტრანტების ცემა და ა.შ.

ALDE რეზოლუციაში მოუწოდებს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს, ასევე პოლიტიკოსებს რომლებიც რუსული კანონის მიღებაში მონაწილეობდნენ პერსონალური სანქციები დაუწესდეთ, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, შეწყდეს აქტივისტებისა და დემონსტრანტების დევნა და გაუქმდეს მათი სასჯელები.

რეზოლუცია ხაზს უსვამს:

2024 წლის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობას, როგორც ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ გადამწყვეტ წინაპირობას.

ასევე, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას და ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის გათვალისწინებას.

„ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებას „რუსული კანონის“ მიღებით და მოითხოვს მის გაუქმებას გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.

ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედიის მხარდაჭერას, რომლებიც „რუსული კანონის“ მთავარი სამიზნეა. მათ დაცვას და გადამწყვეტ როლს დემოკრატიული პროგრესისთვის.

კოპენჰაგენის კრიტერიუმების სრულ დაცვას, განსაკუთრებით დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირთან მორგების პროცესში”, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

გარდა ამისა, რეზლუციაში გამოთქმულია მხარდაჭერა ქართველი ხალხის ურყევი სურვილისადმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ასევე რეზოლუცია მხარს უჭერს:

პირობების შესრულების საფუძველზე, საქართველოს სრულ ხელმისაწვდომობას გაწევრიანების წინა ფინანსური დახმარების ფონდებზე, რათა დაეხმაროს ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში.

– პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას“ და არსებით რეფორმებს, რათა შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყება.

– ოპოზიციური კოალიციების ჩამოყალიბებას, პლურალისტური პოლიტიკური გარემოს ხელშეწყობისა და ხმების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად.

„ალდეს“ მიერ მიღებულ რეზოლუციაში წუხილია გამოთქმული „2024 წლის აპრილსა და მაისში კრემლის სტილში „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილე აქტივისტების დევნის გამო“.

ასევე,“ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დევნის გამო, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების მიმართ“.

ასევე რეზოლუციაში წუხილია გამოთქმული „ქართული ოცნების“ მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად „ევროკავშირის ცხრა პირობის შეუსრულებლობის გამო, რაც მიუთითებს კანონის უზენაესობის და ანტიკორუფციული ძალისხმევის რეგრესზე“. „ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ანტიდასავლური კამპანიებისა და დეზინფორმაციის გავრცელების, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისა და დაშინების გამო, ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით“.

რეზოლუცია გმობს

„მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ოფისების დარბევას, გატაცებებს, დემონსტრანტების ცემას, ჩასაფრებას და ფიზიკური თავდასხმას ოპოზიციის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან. აღნიშნული არღვევს დემოკრატიულ პრინციპებსა და ადამიანის უფლებებს“.

„ალდეს“ რეზოლუცია ასევე მოუწოდებს, ევროკავშირის კომისიას, კატეგორიულად დაუპირისპირდეს ძალადობას ან არჩევნების გაყალბებას, და მკაფიო გზავნილები გაუგზავნოს ამის შესახებ საქართველოს მთავრობას.

ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს:

“ევროპარლამენტის „Renew Europe”-ს ჯგუფს, მოახდინოს მობილიზება ევროპარლამენტის რეზოლუციის განხორციელების მხარდაჭერისთვის.

– დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს პერსონალური სანქციები ევროკავშირისა და ნატოსგან საქართველოს განდევნისა და ავტორიტარიზმისკენ სვლისკენ.

– დასრულდეს „ქართული ოცნების“ დეზინფორმაციული კამპანია ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი ორგანიზაციების წინააღმდეგ.

– შეწყდეს პოლიტიკური დევნა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, მათ შორის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

– შეწყდეს სამართლებრივი დევნა აქტივისტებისა და დემონსტრანტების, რომლებიც აპროტესტებდნენ „რუსულ კანონს“ და გაუქმდეს მათი სასჯელი.

– ახალმა, დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობამ აიღოს ვალდებულება რეფორმებისა და ცხრა პირობის შესრულებაზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები.

– ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნებს გაზარდონ მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, არჩევნების გაძლიერებულ მონიტორინგთან ერთად.

– ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, დაუწესოს სანქციები ევროკომისიამ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მონაწილეობენ “რუსულ კანონის” მიღებასა და ანტიდემოკრატიულ პროცესებში.

– ევროკავშირის უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანოებმა თავი შეიკავონ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტისგან”, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

მოლაპარაკებების გახსნისთვის და ევროკავშირის მრავალმილიარდიან ფონდებზე წვდომისთვის მთავარ პირობად დასახელებულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს, – ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ლისაბონში გამართულ „ალდეს“ სამიტის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს, ევროპა ქართველ ხალხს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს.

მან ისაუბრა რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს შესახებ „ალდემ“ მიიღო.

„დღეს, „ალდემ“ მიიღო რიგით მეექვსე რეზოლუცია საქართველოს შესახებ, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია შეტანილი:

პირველი, მოლაპარაკებების გახსნისთვის და ევროკავშირის მრავალმილიარდიან ფონდებთან წვდომისთვის მთავარ წინაპირობად დასახელებულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

მეორე – დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები.

მესამე, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, მესამე პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკური პატიმარი.

მეოთხე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაპატიმრებული ყველა ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს და შეწყდეს მათ მიმართ საქმეები.

მეხუთე – მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ მედიას.

მეექვსე- დასანქცირდეს „ოცნების“ ყველა ის წევრი, ვინც იღებდა რუსულ კანონს და ხელს უწყობდა ანტიდემოკრატიულ ქმედებებს.

ძალიან მკაფიო გზავნილები ევროკავშირისგან არჩევნებთან დაკავშირებით და ძალიან მკაფიო გზავნილებია ქართველ ხალხთან მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ასევე ძალიან მკაფიო გზავნილები „ოცნებას“, რომ არანაირ მანიპულაციას, გაყალბებას ევროკავშირი და ევროპა არ შეეგუება”, – განაცხადა ჩიხლაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button