ALDE რეზოლუციით ქართული ოცნების ხელისუფლების დასანქცირებისკენ მოუწოდებს

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ საუბრობენ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ვილნიუსში ALDE-ს საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ.
ALDE ევროკავშირს მოუწოდებს, დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი. ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ითხოვს სავიზო შეზღუდვებს და ფინანსურ სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების და მოძალადე სამართალდამცველთა მიმართაც. ამავე სხდომაზე გადაწყდა, რომ გირჩი-მეტი თავისუფლება ALDE-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა, დროა კი აფილირებული წევრი.
“ALDE-ს საბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო რეზოლუცია, რომელიც, პრაქტიკულად, მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს გაწყვიტონ კომუნიკაცია ქართული ოცნების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან. მოუწოდებს ასევე ევროპულ ინსტიტუტებს გადახედონ უვიზო მიმოსვლის საკითხს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. რეზოლუციის ინიციატორი ცხრა ქვეყნის ათი პარტიაა, რაც აჩვენებს ნათლად დამოკიდებულებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოსთან მიმართებაში”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
“ALDE-მ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც EU-ს ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, დასანქცირდნენ ივანიშვილი და მისი ოჯახი, „ოცნების“ ლიდერები, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი სერგო ჩიხლაძე გადაცემაში საუბრობს.
„განსაკუთრებული აქცენტი არის ოქტომბრის არჩევნებზე, რომ მოხდეს ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგი და თუ არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული არ იქნება, შესაბამისად, სრულად გადაიხედება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, დაწყებული სავიზო რეჟიმით და საერთოდ, ინტეგრაციის პროცესების დაბლოკვაც შეიძლება მოხდეს. განსაკუთრებული აქცენტი არის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე და მთლიანად რეზოლუცია გაჟღენთილია სულისკვეთებით, რომ რა თქმა უნდა, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ოღონდ, ამისთვის საქართველოში საჭიროა თავისუფალი არჩევნები, საქართველოში რუსული კანონი აღარ არსებობდეს და ამისთვის აუცილებელია, რომ ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი საქართველოს საერთაშორისო არენაზე აღარ წარმოადგენდეს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ამასთან პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლება” ევროკავშირის ერთ-ერთ მსხვილი ფრაქციის, ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის (ALDE) სრულუფლებიანი, “დროა” კი აფილირებული წევრი გახდა. ამის შესახებ ALDE სოციალურ ქსელში წერს.
“გირჩი – მეტი თავისუფლება” საქართველოდან ახლახან გადავიდა ALDEParty-ის შვილობილიდან სრულ წევრობაზე! გილოცავთ.
[…]“დროა” საქართველოდან ახლახან გახდა ALDEParty-ის ახალი აფილირებული წევრი! გილოცავთ,” – წერია განცხადებებში.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე Instagram-ის საკუთარ არხზე განმარტავს, რას ნიშნავს ALDE-ს სრულუფლებიანი წევრობა:
“ალდეს აფელირებული წევრები ვიყავით აქამდე, ახლა სრულუფლებიანი წევრები გავხდით, ამით ალდეს საბჭოს და ალდეს კონგრესის გადაწყვეტოლებებში შეგვიძლია მოვიღოთ მონაწილეობა + შეგვიძლია ჩვენ თვითონ დავაყენოთ რეზოლუციები კენჭისყრაზე, ხმის უფლება მოვიპოვეთ, მაგრამ ჯერ არ ვიცი რამდენი ხმა გვექნება”, – წერს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ “გირჩი – მეტი თავისუფლება” ALDE-ს აფილირებული წევრი 2022 წელს გახდა.