ალექსეი არესტოვიჩს უკრაინის პრეზიდენტობა სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი აპირებს, მონაწილეობა მიიღოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის თარიღიც, ქვეყანაში მიმდინარე საომარი მდგომარეობის გამო, ჯერჯერობით უცნობია, – ინფორმაცია „ინტერფაქს – უკრაინას“ თავად არესტოვიჩმა დაუდასტურა.
არესტოვიჩმა ასევე დაადასტურა, რომ წინადადებები უკრაინაში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო და სხვა რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც მან ოთხშაბათ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა, მისი საარჩევნო პროგრამაა.
“სპეციალისტები დაასრულებენ, დისკუსიის დასაწყებად გამოვაქვეყნე. წინააღმდეგობები, მოსაზრებები, რჩევები, კრიტიკა მისასალმებელია”, – ამბობს არესტოვიჩი.
1 ნოემბერს არესტოვიჩმა თავის “ტელეგრამაში” გამოაქვეყნა გარკვეული საარჩევნო პროგრამა, რომლის პუნქტებს შორის არის “წინადადება კოლექტიური დასავლეთისთვის”.
“ჩვენ მზად ვართ კისენჯერის ვარიანტისთვის – ჩვენ ვითხოვთ ნატოში შესვლას იმ ვალდებულებით, რომ არ დავიპყროთ შესვლის დროს ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ მივაღწიოთ მათ დაბრუნებას მხოლოდ პოლიტიკური გზით”, – წერდა არესტოვიჩი.
არესტოვიჩი მისი უკრაინიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და თქვა: „მე მაქვს არაერთი საერთაშორისო ღონისძიება, რომელთაგანაც ბევრზე, მთავარი მომხსენებელი ვარ“.
ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის თანამდებობა 2023 წლის იანვარში დატოვა, მას შემდეგ, რაც თავის ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ რაკეტა, რომელმაც დნეპრში 46 ადამიანი იმსხვერპლა უკრაინული საჰაერო თავდაცვის მიერ იყო გაშვებული.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ქალების მიმართ სექსისტური და ძალადობრივი განცხადებების გამო, უკრაინის პოლიციამ ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
რამდენიმე კვირით ადრე კი, 25 სექტემბერს რადას დეპუტატმა პოლიციაში განცხადება შეიტანა არესტოვიჩის მიერ გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი ქალებს შეურაცხმყოფლად მოიხსენიებდა.
უკრაინაში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს, თუმცა საზოგადოებაში აქტიურად განიხილება კენჭისყრის საომარი მდგომარეობის პირობებში ჩატარების შესაძლებლობა.