მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ალექსეი ნავალნი კომიდან გამოვიდა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ექიმებმა ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს. „მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა“, – აცხადებენ ბერლინის კლინიკა „შარიტეს“ ექიმები.

ნავალნის აგრეთვე მოხსნიან ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან.

„მან დაიწყო რეაგირება საუბარზე“, – ამბობენ ექიმები.

„ჯერ კიდევ ძალიან ადრეა შეფასდეს, როგორი იქნება მძიმე მოწამვლის გრძელოვადიანი შედეგები“, – ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.

ექიმებმა ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მის ცოლთან შეთანხმების შემდეგ გაამჟღავნეს.

როგორც ცნობილია, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა თვითმფრინავში, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა გონება დაკარგა, თვითმფრინავის ეკიპაჟმა ექსტრემალური დაფრენა ომსკის აეროპორტში განახორციელა, ალექსეი ნავალნი კი უახლოეს კლინიკაში გადაიყვანეს.

ნავალნის ნათესავებმა და ახლობლებმა მოითხოვეს მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნის ნებართვა. რუსი ექიმები ამტკიცებდნენ, რომ იმ მდგომარეობაში, ნავალნის ტრანსპორტირება არ შეიძლებოდა, თუმცა, ბოლოს მაინც მისცეს ნებართვა პოლიტიკოსი გერმანიაში გადაეყვანათ. ოპოზიციონერი ბერლინის „შარიტეს“ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც დღემდე გრძელდება მისი მკურნალობა.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი მოწამლულია „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით. ამ დასკვნამდე გერმანიის შეიარაღებული ძალების ლაბორატორიის ექსპერტები მივიდნენ. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერის მოწამვლა „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტით იყო „მკლელობის მცდელობა და რუსეთმა უნდა ახსნას ეს“.

რუსული მხარე კი ამტკიცებს, რომ ნავალნისგან ომსკის საავადმყოფოში აღებული ანალიზების შედეგად ტოქსიკური ნივთიერებების კვალი არ აღმოჩნდა. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, მარია ზახაროვა და დიმიტრი პესკოვი აცხადებენ, რომ გერმანიის მთავრობის დასკვნა ნავალნისთან დაკავშირებით მტკიცებულებებს არის მოკლებული. ისინი ენდობიან რუსი ექიმების დასკვნას, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ნავალნი მოწამლული არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button