“ალექსი პეტრიაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”
ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი რეანიმაციიდან ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს და ის უკვე მოინახულეს თანაგუნდელებმა.
ალექსი პეტრიაშვილთან ერთად თავდასხმის დროს საბურთალოს სასაფლაოზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა საკანდელიძე იმყოფებოდა, რომელიც რუსთავის 2-თან იხსენებს, რომ თავდამსხმელებმა მას იარაღი მიაბჯინეს და დაემუქრნენ.
საკანდელიძის თქმით პეტრიაშვილს 2 პირი დაესხა თავს. ერთ-ერთი მათგანი ნიღბით იყო, მეორე კი ნიღბის გარეშე, თუმცა როგორც საკანდელიძე ამბობს მას დამნაშავის ამოცნობა გაუჭირდება. მისივე თქმით ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ ერთ თავდამსხმელს ჰქონდა, ორივე მათგანი კი ხელკეტებით იყვნენ აღჭურვილი.
საკანდელიძე იხსენებს, რომ დამნაშავეები მიზანმიმართულად ალექსი პეტრიაშვილისკენ გაემართნენ და დაესხნენ თავს.
რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან პოლიტიკოსებთან და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად, ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჟურნალისტებიც. მედიის წამომადგენლები თავდასხმას პოლიტიკურს უწოდებენ და პირად მოტივზე მითითებისთვის ხელისუფლებას საყვედურობენ. ჟურნალისტები დროულ გამოძიებას ითხოვენ.