“ალიანსი აღიარებს, რომ რუსეთი თავის აგრესიულ საქციელს არ ცვლის”
ალიანსი აღიარებს, რომ რუსეთი არ ცვლის თავის აგრესიულ საქციელს. უფრო მეტიც, რიგ შემთხვევაში რუსეთი ამ აგრესიას ზრდის, – ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
„რუსეთსა და უკრაინას შორის შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტი ამაზე მეტყველებს. ალიანსის წევრები აღიარებენ, რომ რუსეთის შემთხვევაში ჩვენ რეალური გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ეს სიტუაცია არ უმჯობესდება. ამიტომაც ჩვენ ვახორციელებთ ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის ყველაზე მასშტაბურ გაძლიერებას, ასევე ვეხმარებით ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის ამ რეგიონში, საქართველოს და უკრაინას. ჩვენ გვესმის, რომ გვჭირდება შესაძლებლობების სრული სპექტრი. თუმცა, ამავდროულად ჩვენ გვჭირდება დიალოგი. ჩვენ ამ დიალოგს იმისთვის ვიყენებთ, რომ მათ ვუთხრათ, ქცევა უნდა შეცვალონ და გვსურს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, თუმცა რუსეთმა საამისოდ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართალს და თავის მეზობლებს“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.