მნიშვნელოვანისიახლეები

რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება გაზრდილია

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ დათვლილი მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება გაზრდილია. ამ პერიოდს ემთხვევა უკრაინაში ომის დაწყება. ორგანიზაციამ 2022 წლის მონაცემები გასულ და კორონავირუსის პანდემიამდე პერიოდს შეადარა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტი-სექტემბერში საქართველოში 9,500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის სრულ მაჩვენებელზეც კი 10-ჯერ მეტია.

მიმდინარე წელს ქვეყანამ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 2,2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2,6-ჯერ მეტია და 64 პროცენტით აღემატება 2019 წლის მონაცემებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 12,6% იყო, როცა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 6,3%-ს, ხოლო მაქსიმუმს – 10,4%-ს – 2019 წელს აღწევდა.

“მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მას იმ დონისთვის არ მიუღწევია, რომ ამ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობების სრულად შეწყვეტის პირობებშიც კი საქართველო ღრმა კრიზისში აღმოჩნდეს და განვითარება ვერ შეძლოს”, – აღნიშნულია კვლევაში.

ორგანიზაციის მონაცემებით:

“მარტი-სექტემბერში საქართველოში 9,500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის სრულ მაჩვენებელზეც კი 10-ჯერ მეტია”;
“იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 11%-ით გაიზარდა და 473 მლნ აშშ დოლარი შეადგინა”;
“იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან იმპორტი 73%-ით გაიზარდა და 1,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა”;
“ელექტროენერგიის რუსეთიდან იმპორტის 3,6-ჯერ ზრდის მიუხედავად, რუსულ ელექტროენერგიას საქართველოს შიდა მოხმარებაში მხოლოდ 3% უჭირავს”;
“იანვარ-სექტემბერში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება”. ამ პერიოდში “საქართველოში 780 ათასი ვიზიტორი შემოვიდა”.
“მნიშვნელოვნად გაზრდილი რუსული საქონლის იმპორტი, ფულადი გზავნილები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველო რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული… რადგან ომმა და სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ წლებშიც გაგრძელდება, საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა მაკროეკონომიკური კუთხითაც საფრთხის შემცველია”, – აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას, ანგარიშში წერია, რომ რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად ემიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო გამოსვლებში ხშირად აღნიშნავს, რომ საქართველოში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდაა.

“გადადგმულმა ძალიან ეფექტურმა, გონივრულმა ნაბიჯებმა ძალიან სწრაფად გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლება”, – თქვა მან 30 სექტემბერს.

მსგავსი პოსტები

Back to top button