ალკარასი დიდი სლემის ტურნირს გამოეთიშა. ახალი აღმოჩენა, ლეილა ფერნანდესი ნახევარფინალშია
18 წლის ესპანელი ჩოგანი კარლოს ალკარასი ამერიკის ღია პირველობაზე, მეოთხედფინალში მოულოდნელად, კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან დამარცხდა. უფრო სწორედ, მსოფლიო რეიტინგის 55-ე პოზიციაზე მდგომმა პუბლიკის რჩეულმა ჩოგანმა ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ნახევარფინალის საგზური დაკარგა.
მე-15 ჩოგანი ოჟე ალიასიმი კი თავის მხრივ, ნახევარფინალურ გათამაშებაში რუს დანიილ მედვედევს დაუპირისპირდება. მატჩი 10 სექტემბერსაა ჩანიშნული.
ქალთა თანრიგში წარმატებებს აგრძელებს 19 წლის კანადელი ლეილა ფერნანდესი. მეოთხედფინალურ შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის 73-ე ჩოგანმა მე-5 ნომრად განთესილი ელინა სვიტოლინა სენსაციურად, ანგარიშით: 6:3, 3:6, 7:6 დაამარცხა.
კანადელმა თინეიჯერმა ტურნირს მანამდე ისეთი ჩოგბურთელები გამოთიშა, როგორებიც ანჟელიკ კერბერი და ნაომი ოსაკა არიან.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი მამაკაცი ნოვაკ ჯოკოვიჩი მეოთხედფინალში იტალიელ მატეო ბერეტინის ხვდება. ეს შეხვედრა ხუთშაბათს გამთენიისას, 04:30 საათზე დაიწყება.