,,ამ 3-4 ათას დოლარ ჯარიმას გადავიხდი, რამენაირად მოვახერხებ,,-ზარქუა
აბუ-დაბიში ინციდენტის შემდეგ, თბილისში დაბრუნებული ირაკლი ზარქუა, “ქართული ოცნების” პარლამენტის წევრი, “ტვ იმედის” ეთერში იხსენებს მომხდარს.
ზარქუას თქმით, აბუ-დაბის სასამართლომ დააჯარიმა, თუმცა არ ასახელებს ჯარიმის ზუსტ ოდენობას. მისი სიტყვებით, თანხა ადგილზე მეგობარმა გადაიხადა, თავად კი ამ 3-4 ათასი დოლარის გადახდას რამენაირად მოახერხებს.
შეურაცხყოფას ადეკვატურად ვუპასუხებთ და მისაღებს მიიღებენ. როდესაც შეურაცხყოფა ოჯახსა და შვილებს ეხება, თმენის ვალდებულება პირადად ჩემთვის მეასეხარისხოვანია. ის, რაც მოხდა, არ არის საამაყო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ, აბუ-დაბაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პირველი ვრცელი კომენტარი, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
მისი შეფასებით, ეს ყველაფერი მათ წინააღმდეგ დადგმული პროვოკაცია იყო, რომელიც აბუ-დაბის პოლიციამ, პროკურატურამ და სასამართლომაც გაიზიარეს. რაც შეეხება ჯარიმას, ზარქუას თქმით, „მედიაში გავრცელებული ჯარიმის ოდენობასთან შედარებით ბევრად ნაკლები ჯარიმის გადახდა მოუწიათ“.
„ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუ-დაბაში. მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში გვწერდა და გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად არის და რომ სწორად მოვიქეცით. ის, რაც მოხდა, არ არის საამაყო, ოჯახის, შვილებისა და ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაქცია გვექნება, იმიტომ, რომ კაცები და ქართველები ვართ.
ნახეთ პირველ დღეს, საუზმის დროს მცდელობა იყო, რომ პროვოკაცია მოეწყო და მიიღო მისაღები, მაგრამ ვიდეო არ დადო, რადგან არ იყო მისთვის სახარბიელო ვითარება. საოცარია თან მოდიხარ კამერით და თან პოლიციასთან გარბიხარ, როდესაც მისაღებს მიიღებ. ამის შემდეგ, სასტუმროს წინ, როცა ცოლ-ქმარმა დადგა სცენა, ბუნებრივია, პასუხი გავეცით. ეს ცოლ-ქმარი, რაღაც რეჟისურით დადგმული სცენარით, ახერხებდა იმას, რომ ის მონაკვეთი გადაეღოთ და გაევრცელებინათ, რაც სურდათ. შემდეგ მოხდა ის პროვოკაცია, რასაც მოჰყვა ის შედეგი და მოცემულობა.
საკმაოდ მკაცრი კანონები აქვთ, შესაბამისად გამოძიება დაიწყო, ამ საქმესთან დაკავშირებით. იმ სასტუმროში სხვა ქართველებიც ისვენებდნენ, მაგალითად, ის, ვინც თეფში ისროლა. არ ვიცნობთ მას, ეტყობა ამოუვიდა ყელში მათი პროვოკაციები და ისროლა თეფში, რომელიც მოხვდა იქ მომუშავე პერსონალს და ისიც ჯარიმის ქვეშ მოექცა. იმდენად ამოუვიდა ხალხს ყელში ეს პროვოკაცია, თეფშიც კი ისროლეს. არც ვიცნობთ იმ ადამიანს. შემდეგ იყო ჯარიმა და ჯარიმის საფუძველზე მოგვეცა შესაძლებლობა აბუ-დაბი დაგვეტოვებინა. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი კანონებია, პოლიციამ, პროკურატურამაც და სასამართლომაც კარგად გაიაზრა, რომ ეს ჩვენს წინააღმდეგ დადგმული პროვოკაცია იყო. ჩვენ მესამე დღეა ჩამოსული ვართ. გვეცინებოდა, ეს უსამშობლოები და მათთან აფილირებული ჟურნალისტები და პოლიტოლოგები რომ ამბობდნენ, რომ 1 წელი მიუსაჯეს, 80 ათასი დოლარის გადახდა დააკისრეს… ეს რაღაც სიგიჟე და მარაზმი. არაფერი მსგავსი, ჯარიმა გამოიწერა 10-ჯერ და 15-ჯერ ნაკლები. იქ მეგობრები გვყავდნენ, რომლებმაც ის ჯარიმა გადაიხადეს და შემდეგ ამ 3 თუ 4 ათას დოლარს აქ გადავიხდით, თბილისში ვარ უკვე და რამენაირად მოვახერხებ.
მინდა ყველას ვუთხრა, თმენის ვალდებულება ერთია, მაგრამ როდესაც შვილებს და ოჯახს ეხებიან, იქ ვინმეს რამე გავუტაროთ გამორიცხულია, მომავალშიც გაათმაგებულად მიიღებენ შედეგს. პირველ რიგში, ის ახალგაზრდა შემეცოდა, რომელიც არის უბრალოდ მართული და უსამშობლოები იყენებენ.
ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია ჩვენს წინააღმდეგ იმიტომ, რომ მას ადვოკატები აუყვანეს ჯერ ერთი, მერე გამოუცვალეს. ჯერ თავიდან პრეტენზიები არ მქონდაო, მერე ჯგუფური თავდასხმაო… აქედან იყო მართული და „ემესიჯებოდნენ“. ერთი ის ვიცი, რომ ეს ადამიანი გამოიყენეს, როგორც სხვა ახალგაზრდებს იყენებენ ეს უსამშობლოები. ასევე, ის მარაზმი, რაც შემდეგ სოციალურ ქსელში განხორციელდა ამ უსამშობლოების მიერ, ის დამონტაჟებული ფოტო-ვიდეოები, არ ვიცი რანაირად უნდა მოგივიდეს ეს თავში და განახორციელო, ვინც არ უნდა დაგიკვეთოს. ეს საკუთარ დედებს აჩვენონ და დარწმუნდებიან, რომ ვერ აღზარდეს შვილები, რომ ასეთი შვილები არ უნდა ჰყავდეთ, რომ ასეთ ბინძურ დაკვეთებს ასე ასრულებენ.
იქ დაკავებული აღარავინ არ არის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა კი სოციალურ ქსელში გავრცელდა.
შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.
მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ შემთხვევა წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, პირველად მომხდარი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
სასტუმროში მომხარი ინციდენტის შემდეგ აბუ-დაბის პოლიციამ გამოძიებაც დაიწყო, რის შემდეგაც დაკავებული პირები ჯარისმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ლაშა გაბიტაშვილმა 17 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ის პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, რადიო თავისუფლება აბუ-დაბიში წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პოლიციიდან ის 16 იანვარს გამოუშვეს.
ინციდენტში, რომელიც 13 იანვარს მოხდა, ფიგურირებდნენ ლაშა გაბიტაშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე; ასევე – მათი თანმხლები მოქალაქე გიორგი გოგოლაძე.
აბუ-დაბიში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში 13 იანვარს „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საუზმობისას მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს დაესხნენ თავს.
ადგილზე იყო „ოცნების“ პარლამენტარი გელა სამხარაულიც, რომელმაც ასევე დაარტყა ხელი ლაშა გაბიტაშვილს; მათთან ერთად იმყოფებოდნენ მათი თანაგუნდელი გოჩა ენუქიძე და მოქალაქე გიორგი გოგოლაძე.
ინციდენტი მოხდა აბუ-დაბიში მდებარე სასტუმრო „რედისონის“ რესტორან La Terrazza-ში.გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილი და მისი ცოლი მაგიდასთან სხედან, რა დროსაც მჯდარ გაბიტაშვილს მივარდება ირაკლი ზარქუა, თეფშზე დადებულ საკვებს სახეში აყრის და სცემს. მის მხარდამხარ არის ვიქტორ სანიკიძეც.
საუზმის დროს სასტუმროს რესტორანი სავსეა. კადრში ჩანს, რომ თავდასხმისას გვერდით მაგიდაზე საუზმობს ოჯახი 2 წლამდე ბავშვით.
ლაშა გაბიტაშვილის გავრცელებულ სხვა ვიდეოში ჩანს, რომ ის ურტყამს ირაკლი ზარქუას, რის შემდეგაც სანიკიძე მას უკნიდან მივარდება და ხელს ურტყამს.
“ქართული ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული გაბიტაშვილს ხელით იჭერს, შემდეგ კი ამბობს: „კაი, გამოდი, გამოდი“.
შემდეგ გაბიტაშვილი და “ქართული ოცნების” წევრები ერთმანეთს აგინებენ.
კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ თავდასხმის შემდეგ სანიკიძე გაბიტაშვილს ემუქრება და აგინებს: „თბილისში აღარ ჩამოხვალ? შენ დედას მოგ****ავ“.
„შენი მოღალატე დედას შ***ცი“, – ამბობს გაბიტაშვილი.
ამის შემდეგ სანიკიძე მისკენ მირბის, მუშტს მაღლა სწევს და გაბიტაშვილს ურტყამს. შემდეგ გაბიტაშვილი სანიკიძეს მუცელში ფეხს ურტყამს, სამხარაული კი გაბიტაშვილს მხარსა და სახეში – მუშტს.