მნიშვნელოვანისიახლეები

ამ კანონპროექტმა თავისი საქმე გააკეთა, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა

ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, სხვადასხვა თვალსაზრისით. პირველი: ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე. მეორე: ასევე, ყველამ გაიგო, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, როგორიც არის მთავრობის გადადგომის მოთხოვნა და ვერასდროს განხორციელდება „ბაკურიანის გეგმა“- ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონის ჩაგდების შემდეგ განაცხადა, რომელიც უცხოური გავლენის შესახებ კანონს ეხებოდა.

მისივე თქმით, მმართველმა ძალამ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება.

“მინდა გითხრათ, რომ ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, სხვადასხვა თვალსაზრისით. პირველი: ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე. მეორე: ასევე, ყველამ გაიგო, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, როგორიც არის მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, ასევე, როგორც არის ეკლესიის გინება, ლგბტ პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. საზღვართან. ეს ორგანიზაციები სინამდვილეში არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის მქონე აგენტები- ეს არის მეორე ინფორმაცია, რომელიც ამ კანონპროექტმა გაუზიარა ქართულ საზოგადოებას, ცხადად და მკაფიოდ.

მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც აქვს ამ კანონპროექტს ის არის, რომ ვერასდროს განხორციელდება ბაკურიანის გეგმა, ანუ ენჯეოების ხელით ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს. ეს არის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ამ კანონპროექტმა მოიტანა. ამისათვის მე მადლობას ვუხდი ხალხის ძალის გუნდ, რომელმაც დააინიციირა ეს კანონი და ასევე თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მარი დაუჭირა პირველი მოსმენის დროს ამ კანონპროექტს. ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, ბევრ რამეს გავუწიეთ ანგარიში და დღეს ეს გადაწყვეტილება პარლამენტში იქნა გაფორმებული,”-განაცხადა ირაკლი კობახიძე.

“ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს და კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით, 76 დეპუტატის ხმით 7 მარტს მიიღო. თუმცა მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ მიიღო.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.

შსს-მ 2 დღეში აქციებზე ჯამში 133 ადამიანი დააკავეს, დღეს საღამოს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლეს.

“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს “რუსული კანონის” და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button