მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ამ ქაჯობამ ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანა -ოცნება რუსებს იცავს და ქართველებს აკრიტიკებს

"ვარსკვლავური კრუიზი" - საქართველოში ოკუპანტების კიდევ ერთი მოგზაურობა იგეგმება

ბათუმის პორტში სოჭიდან თურქეთის გავლით ჩამოსულ საკრუიზო ლაინერზე მყოფი მგზავრების წინააღმდეგ გამართულ აქციას გამოეხმაურა „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მან რუსეთის მოქალაქეების მისამართით გამართული საპროტესტო აქცია ასე შეაფასა:
„ერთი უხეში ტერმინი მინდა გამოვიყენო: რასაც ვხედავთ, მათ შორის, დღეს 27 ივლისს, რაც ვიხილეთ, არის უბრალოდ ქაჯობა და მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს – ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, ეს იყო შედარებით გვიანდელი პერიოდი, ეს იყო 2004-12 წლები, მათ შორის, 2008 წელი”.
ირაკლი კობახიძემ აქცენტი გააკეთა მშვიდობის შენარჩუნებაზე. „ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, რაციონალური, სწორი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ერთადერთი რეცეპტი იმისთვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყანას ჰქონდეს განვითარება”, – თქვა მან.

გემზე რომ რუსეთის მოქალაქეები არიან, ამის გამო ობსტრუქცია უნდა მოვაწყოთ? – რა გინდათ, რას მივაღწიოთ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით ჩაკეტილი ქვეყანა იყოს? – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციას, რომელიც საკრუიზო ლაინერით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას.
ქადაგიშვილი აცხადებს, რომ “მოქალაქეების იქ მიყვანაც ოპოზიციური პარტიების მოწოდება იყო,” რომელსაც სიტუაციის ესკალაცია სურს.
“გემზე, რომელიც უცხო ქვეყნის გემია, უცხო ქვეყნიდან მოდის და უცხო ქვეყანაში მიდის და თურმე მასზე რუსეთის მოქალაქეები არიან, ამის გამო, ჩვენ ობსტრუქცია უნდა მოვაწყოთ?! რა გინდათ, რას მივაღწიოთ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით ჩაკეტილი ქვეყანა იყოს?! თუ სადმე რუსი არსებობს და ეს რუსი შეიძლება რომელიმე გემზე ან თვითმფრინავზე იყოს, ამიტომ ყველაფერს საბოტაჟი და ობსტრუქცია უნდა გამოვუცხადოთ?! ვხედავთ, რომ ტენდენციაა, რომ მაქსიმალურად მოხდეს სიტუაციის დაძაბვა. როცა პროვოკაციას აქეთ პროვოკაციით პასუხობ, ეს იწვევს სიტუაციის ესკალაციას. ზოგადად პრობლემა იმაშია, რომ ოპოზიცია ცდილობს სიტუაცია დაძაბოს, მოქალაქეების იქ მიყვანაც ოპოზიციური პარტიების მოწოდება იყო. ჩვენ თუ ნაკლებად შევეცდებით სიტუაციის ესკალაციის მოხდენას, უკეთესი იქნება, ყოველთვის იქნება შესაძლებელი, რომელიმე გემზე მოვძებნოთ რომელიმე რუსი, რომელიც რაღაცას იტყვის, ამიტომ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ობსტრუქცია მოვაწყოთ?! “, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

“ქართული ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი, ბათუმში გამართულ აქციას, რომლის დროსაც მოქალაქეები პორტში საკრუიზო გემით რუსების შემოსვლას აპროტესტებდნენ, პროვოკაციას უწოდებს.
ვოლსკის თქმით, შემოსული რუსები და მოქალაქეები, რომლებიც მათ შემოსვლას აპროტესტებდნენ “ერთ მიზანს ემსახურებოდნენ”.
როდის იყო გულწრფელი ოპონენტების დიდი ჯგუფი, როცა რუს ტურისტებს ტაშ-ფანდურით ხვდებოდნენ და ამ დროს ჯერ კიდევ იმ სამხედროებისა და მოქალაქეების ცხედრები არ იყო გაციებული, რომლებიც დაიხოცნენ და ბრძოლის ველზე მიატოვეს? – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.
დეპუტატის მოსაზრებით, ბათუმში გუშინ განვითარებული პროცესები პროვოკაციული იყო.
„ჩემთვის ის რუსი მოქალაქე, რომელიც ხაზს უსვამს, რომ საბჭოთა კავშირი არ დანგრეულა და მისთვის არსებობს, ასევე, ის ქართველი, რომელიც მუშტი-კრივით დასდევს ამ კონკრეტულ ადამიანს, ვფიქრობ, რომ ერთიც და მეორეც გარკვეული მიზნისკენ მიდიან შეგნებით თუ შეუგნებლად, ნებსით თუ უნებლიეთ. საკმაოდ საფრთხის შემცველ ატმოსფეროს ქმნიან, განსაკუთრებით იმ ქართველებისთვის, რომლებიც რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი პროვოკაციულია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ბათუმში გუშინ შემოვიდა საკრუიზო ლაინერი “ასტორია გრანდე”. მან ნავსადგური საღამოს აქციის ფონზე დატოვა. აქცია მოქალაქეებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც სოჭიდან შემოსული გემის მგზავრებმა მედიასთან კომენტარის დროს თქვეს, რომ რუსეთი ოკუპანტი არაა, რომ ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ, რომ რუსებმა აფხაზეთი ჩვენგან “გაათავისუფლეს”. ერთ-ერთმა მგზავრმა “მთავარ არხს” უთხრა, რომ თავადაც ნამყოფია აფახზეთში, რაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანინის დარღვევაა.

29 ივლისს გემი „ასტორია გრანდე“ ისევ გამოვა სოჭიდან, მარშრუტი ბათუმში გაჩერებას ითვალისწინებს. „ეზო კავკაზა“ წერს, რომ ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობენ. ისინი გემის სცენაზე გამოვლენ.

არტისტებს შორის არის Hi-Fi-ის ყოფილი სოლისტი მიტია ფომინი. ის 2022 წელს მონაწილეობდა პატრიოტულ მარათონში „ზა რასიი“, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად გაიმართა. უკრაინის მთავრობამ ფომინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. საიტზე „ომი და სანქციები“ მითითებულია, რომ მან „რუსულ პროპაგანდაში დიდი წვლილი შეიტანა, იყო მხარდამჭერი რუსეთის პოლიტიკისა, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ემუქრება“.

მას უკრაინაში შესვლა 2017 წლიდან ეკრძალება, მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთს ეკუთვნის.

იმის გამო, რომ რუსეთს მხარს უჭერდა და უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას ამართლებდა, 2022 წლის 1 ივნისს ფომინს ქვეყანაში შესვლა ლატვიამაც აუკრძალა. ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებულმა კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა ის კორუმპირებულებისა და ომის გამჩაღებლების სიაში შეიყვანა. მან მიენიჭა კატეგორია: „გამყიდველი ლიდერები“.

2018 წელს ფომინმა მხარი დაუჭირა მოძრაობას Putin Team („პუტინის გუნდი“), 2020 წელს კი მან განაცხადა, რომ პუტინმა სოციალური მნიშვნელობის პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასწინათ მიტია ფომინმა განაცხადა, რომ მზადაა ფრონტის წინა ხაზზე ექიმად წავიდეს: „თუ მამული მიხმობს, თუ დავჭირდები, აუცილებლად წავალ. ყველაფერს დავივიწყებ და სრულიად სხვადასხვა საქმეებს გავაკეთებ“.

„ვარსკვლავური“ კრუიზის მონაწილეებს შორის არის ასევე რუსული მუსიკალური ჯგუფი „Те100стерон“ („ტესტოსტერონი“), რომელიც ძმებმა ვალერი და ანდრეი ბირბიჩაძეებმა დააარსეს. ისინი ყაზახეთში დაიბადნენ და შემდეგ რუსეთში გადასახლდნენ. მღერიან რუსულად, ესპანურად, ფრანგულად, იტალიურად, ინგლისურად, უკრაინულად და ქართულად. 27 ივლისს ჯგუფი ოლეგ გაზმანოვის ვაჟთან, როდიონ გაზმანოვთან ერთად ნიჟნი ნოვგოროდში გამოვიდა. მსმენელები სამხედრო ჰოსპიტალის პაციენტები იყვნენ. ჰოსპიტალი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. მანამდე ძმები ბირბიჩაძეები მოსკოვში რუსი სამხედროების, სემენოვსკის პოლკის, წინაშეც გამოვიდნენ.

გემზე ასევე იქნება ბელარუსი მომღერალი დმიტრი კოლდუნი, რუსული პროექტის „ვარსკვლავების ფაბრიკის“ გამარჯვებული. 2007 წელს ის ბელარუსს „ევროვიზიაზე“ წარმოადგენდა.2018 წელს მან კონცერტი ჩაატარა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში. უკრაინას მის წინააღმდეგ სანქციები არ შემოუღია, მაგრამ საიტზე „ომი და სანქციები“ მითითებულია, რომ ის „აქტიურად უჭერს მხარს პუტინის რეჟიმის აგრესიულ პოლიტიკას“.

საკრუიზო გემზე ასევე იქნება 19 წლის არტისტი Amirchik (ამირხან ბატაბაევი) ბიშკეკიდან, რუსული მუსიკალური პროექტის Filatov & Karas-ის წამყვანი ივან ჩუიკოვი და დმიტრი ოლენინი.

„ასტორია გრანდე“ ბათუში 31 ივლისს შემოვა. საკრუიზო ლაინერზე მყოფმა არტისტებმა და მგზავრებმა საქართველოს საზღვარი შეიძლება არ გადალახონ და ბათუმის პორტში, გემზე მანამდე დარჩნენ, სანამ გემი ნაპირს არ დატოვებს.

„ვარსკვლავური“ კრუიზის ღირებულება, მარშრუტით „სოჭი-ტრაპიზონი- ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი“ 100 ათას რუბლზე მეტი ჯდება (დაახლოებით 11000 დოლარი). „ასტორია გრანდე“ ბათუმის პორტში 27 ივლისსაც შემოვიდა. გემბანზე 800 ადამიანი იმყოფებოდა, უმეტესობა – რუსეთის მოქალაქე. გემის შემოსვლამ საზოგადოების ნაწილისა და ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია, გაიმართა საპროტესტო აქციაც. გემმა პორტი 27 ივლისის საღამოს დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button