,,ამ ქვეყანას კანონი და კონსტიტუცია კი არა, ბიძინა ივანიშვილი მართავს,,-კორძაია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებზე
გიგაურის განცხადებით, ორგანიზაცია დააკვირდება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს

რას ნიშნავს მოლაპარაკებებით კანონის აღსრულებაზე უარის თქმა?! – რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანას კანონი და კონსტიტუცია კი არ მართავს, მართავს ბიძინა ივანიშვილი,- ასე გამოეხმაურა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის “ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „აირჩიე ევროპას“ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტების“ სტატუსი მოუხსნა.
მისივე თქმით, რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი პირი.
„თუ მიაჩნდა, რომ კანონს სწორად განმარტავდა, სწორად ასრულებდა მოვალეობას, მაშინ რას ნიშნავს მოლაპარაკებებით კანონის აღსრულებაზე უარის თქმა? ერთი რამ ცხადია, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანას კანონი და კონსტიტუცია კი არ მართავს, მართავს ბიძინა ივანიშვილი“,- აღნიშნა კორძაიამ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ორგანიზაცია დააკვირდება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ისე, როგორც ამას 24 წლის განმავლობაში აკეთებდა ყველა არჩევნებზე.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მიერ 2 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს კი იგი “ტყუილს” უწოდებს. პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის რეკომენდაციის საფუძველზე გააუქმა გადაწყვეტილება, რომლითაც ორგანიზაცია „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად” ჰყავდა გამოცხადებული.
“რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, ცხადია, ისინი შეეცდებოდნენ, მოეძებნათ გარკვეული არგუმენტები, თუმცა ყველაფერი, რაც ამ პრესკონფერენციაზე ითქვა, არის ტყუილი და არ აქვს არანაირი სამართლებრივი არგუმენტი იმისთვის, რომ აუხსნან საზოგადოებას და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, თუ რატომ შეგვიცვალეს ჩვენ სტატუსი და რატომ აგვიკრძალეს არჩევნებზე დაკვირვება”, – ამბობს ეკა გიგაური და დამდგარ შედეგს “ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვებას” უწოდებს.
თავისივე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა “ეროვნული ინტერესები” და ის დაასახელა, რომ “არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები”. 24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ მიიჩნია. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ამ მიზეზით ვეღარ დააკვირდებოდნენ მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა მისი გადაწყვეტილება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ. აღნიშნულის შესახებ ბიუროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა. უფრო კონკრეტულად, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს.
„სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას – მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას აღნიშნული ორგანიზაციის და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ“,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “აირჩიე ევროპა” „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადდნენ, რის გამოც მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელებულიყო.