სტამბოლში დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

სტამბოლის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. ოფიციალური ინფორმაციით, უკვე დადგენილია, რომ თავდასხმას თურქეთის 23 მოქალაქე და 13 უცხოელი ემსხვერპლა.

სროლისა და აფეთქებების კვალი ათათურქის სახელობის აეროპორტის შენობას ამ დრომდე ეტყობა. მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტმა რეისების მიღება განაახლა, იქ სპეციალისტები მტკიცებულებებს ამ დრომდე აგროვებენ. საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, ადგილზე აღდგენითი სამუშაოებიც მიმდინარეობს.

გამოძიება თავდამსხმელთა ვინაობის დადგენას ცდილობს. სამართალდამცველები ასევე სწავლობენ, თუ როგორ მოხვდნენ ისინი თურქეთში და ჰყავდათ თუ არა თანამზრახველები. თურქული სააგენტოების ნაწილი წერს, რომ აეროპორტში 7 თვითმკვლელი ტერორისტი იმყოფებოდა, რომელთაგანაც 3-მა თავი აიფეთქა.

თავდასხმა თურქეთის მთავარ აეროპორტში გუშინ საღამოს მოხდა. ტერორისტები იქ ტაქსით მივიდნენ და ცეცხლი გახსნეს. ერთმა მათგანმა თავი ავტოსადგომზე აიფეთქა, ორმა კი საერთაშორისო ტერმინალის შენობაში შეღწევა მოახერხა და ასაფეთქებელი მოწყობილობა იქ აამოქმედა.

აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი პოსტები

Back to top button