„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ შესაბამისი უწყებები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სამედიცინო დოკუმენტაციას არ აწვდიან – საია
სახალო დამცველის ინფორმაციით, მზია ამაღლობელს, მიმდინარე კვირის განმავლობაში სამედიცინო კვლევები ჩაუატარდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. ის უკვე მე-19 დღეა შიმშილობს.
საია-ს ცნობით, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, დაცვის მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია, კერძოდ, შესაბამისი უწყებები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას არ აწვდიან.
“განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ადვოკატების შეფასებით, მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა”, – აცხადებენ საია-ში.
საია-ში ამბობენ, რომ სახალხო დამცველის სამედიცინო წარმომადგენლის მიერ მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები, თუმცა, კონკრეტულად კვლევები და მათი შედეგები, უცნობია.
“მართალია, კანონმდებლობით დადგენილია მოშიმშილე ბრალდებულის მოვლის წესები, თუმცა, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი მზია ამაღლობელის მოვლა. მით უფრო, რომ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, მხედველობის სერიოზული პრობლემები და შესაძლოა არსებობდეს მათი გამწვავების რისკები.
შესაბამისად, მივმართავთ სახალხო დამცველს:
სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში განახორციელოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი და ყოველდღიური მონიტორინგი.
მოგვაწოდოს მზია ამაღლობელთან დაკავშირებული მის ხელთ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად;
გამოითხოვოს პენიტენციური სამსახურიდან მზია ამაღლობელის შიმშილობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და გადმოგვცეს მათი ასლები;
შეაფასოს მზია ამაღლობელის შიმშილობიდან გამომდინარე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის შესაბამისობა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. ამასთან, ამ ეტაპზე უკვე მნიშვნელოვანია იმის შეფასება, ხომ არ სჭირდება მას მრავალპროფილური დახმარება და რამდენად მზადაა მისი მოთავსების დაწესებულება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;
უზრუნველყოს წარმომადგენელის/ექიმის მიერ მოშიმშილე პატიმრის ყოველდღიური მონახულება და მისი ჯანმრთელობის კონტროლი.
მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას, რათა თავიდან ავიცილოთ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლო გამოუსწორებელი შედეგები”, – აცხადებენ საია-ში.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლო გამოუსწორებელი შედეგები.
ევროკავშირმა სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს, რომელიც ციხეში უკვე მე-19 დღეა შიმშილობს.
სახალო დამცველის ინფორმაციით, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელ მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე მე-19 დღეა შიმშილობს, მიმდინარე კვირის განმავლობაში სამედიცინო კვლევები ჩაუატარდა და შედეგები სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა.
როგორც ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში ვკითხულობთ, 27 იანვარს სახალხო დამცველის აპარატის ექიმმა პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელი შვიდჯერ მოინახულა, ასევე “გაეცნო მის სამედიცინო დოკუმენტაციას. იმ დროისთვის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო”.
“სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილია, რომ მზია ამაღლობელს მიმდინარე კვირაში დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, რომლის შედეგები აპარატს უკვე გამოთხოვილი აქვს. სამედიცინო მასალებს კვლავ გაეცნობა და შეაფასებს აპარატში დასაქმებული ექიმი ასევე, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ ვიზიტს განახორციელებს.
ის სამედიცინო მასალები, რომლებიც ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატს გააჩნია, უკვე მიწოდებული აქვს მზია ამაღლობელის კანონიერი ინტერესების დამცველ ადვოკატს (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია).
გარდა ამისა, მზია ამაღლობელის მდგომარეობისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მზია ამაღლობელის მხარე მუდმივ რეჟიმში იღებს, დისტანციურად თუ პირადი შეხვედრებისას.
სახალხო დამცველის აპარატისთვის ასევე ცნობილია, რომ ადვოკატმა გამოითხოვა მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, რაც ჯერჯერობით არ მიუწოდებიათ. აპარატმა, ამ პროცესის დაჩქარების მიზნით, დაუყოვნებლივ, წერილობით მიმართა პენიტენციურ სამსახურს. აპარატი მიადევნებს თვალს, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან მასალების მიწოდება დაცვის მხარისთვის არ შეფერხდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
მზია ამაღლობელი ჯერ 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.