მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ამერიკა უკრაინას არ გადასცემს სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შესაძლოა მიაღწიოს სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას არ გადასცემს სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შესაძლოა მიაღწიოს სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. კონკრეტულად რა სახის შეიარაღებაზეა ლაპარაკი, ბაიდენს არ დაუზუსტებია.

გასულ კვირაში CNN-ი და Washington Post-ი იტყობინებოდნენ, რომ აშშ აპირებს, უკრაინას მიაწოდოს სარაკეტო სისტემები, რომლებსაც რამდენიმე ასეული მილით დაშორებული სამიზნეების განადგურება შეუძლიათ. კერძოდ, ნახსენები იყო მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემა HIMARS-ი და ზალპური ცეცხლის სისტემა MRLS-ი. უკრაინის ხელისუფლება ადრე სწორედ ამ სახეობის შეიარაღების მიწოდებას ითხოვდა. მაგრამ თეთრ სახლში გამოთქვამდნენ შიშს, რომ ასეთი იარაღი შესაძლოა რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ შეტევისთვის იქნეს გამოყენებული.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა ბაიდენის განცხადებას „გონივრული“ უწოდა. „სხვაგვარად ჩვენს ქალაქებზე იერიშის შემთხვევაში რუსეთის შეიარაღებული ძალები შეასრულებდნენ მუქარას და დარტყმებს მიაყენებდნენ ამ დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებს,“ დაწერა მედვედევმა Telegram-ში.

Washington Post-ი იტყობინება, რომ აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინას მიაწოდოს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, მაგრამ ისეთი რაკეტებით, რომლებსაც მცირე მანძილზე შეუძლიათ სამიზნეების განადგურება, რათა შემცირდეს პროვოკაციის რისკი.

უკრაინაში, დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში დაბომბვის შედეგად ამიაკის გაჟონვა მოხდა. ამ ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე პაველ კირილენკო ავრცელებს.

„ბახმუტის რაიონში საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის განშტოება. ეს განშტოება 2014 წლიდან არ გამოიყენებოდა და სარქველები დაკეტილია, მაგრამ ახლა მისგან ამიაკი თავისით მოედინება. ამიაკის ღრუბელი მოძრაობს ნიადაგის ზემოთ სოფელ მაისკოედან ბახმუტისკენ“, – განაცხადა მან.

ამასთან მარიუპოლში რუსი აგრესორების დანაშაულის შედეგები გაცილებით მეტია, ვიდრე 22 000 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო „ტელეგრამზე“ იუწყება.

„ჩვენ შევაფასეთ, რომ მარიუპოლში 22 000 ადამიანი დაიღუპა. მაგრამ სულ უფრო მეტი ფაქტი აჩვენებს, რომ რაშისტების დანაშაულის შედეგები გაცილებით უარესია. ეს მოითხოვს მსოფლიო საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას“, – აცხადებს მერი.

მისი თქმით, ნანგრევების ქვეშ, სპონტანურ სასაფლაოებსა და დროებით პროზექტურებში, ჯერ კიდევ ათასობით ცხედარი რჩება.

„აპრილის შუა რიცხვებიდან დამპყრობლებმა, საერთო ჯამში, მასობრივ საფლავებში მარიუპოლის მინიმუმ 16 000 მცხოვრები დაკრძალეს. მანამდე, მარტის შუა რიცხვებამდე, 5 000 ადამიანი იყო დაკრძალული. ნანგრევების ქვეშ, სპონტანურ სასაფლაოებსა და დროებით პროზექტურებში, ჯერ კიდევ ათასობით ცხედარი რჩება,“- აღნიშნა ქალაქის მერმა.

ცნობისათვის, ოკუპირებულ მარიუპოლში ამჟამად 100 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. ოკუპანტებმა მარიუპოლის „მერად“ კონსტანტინე ივაშჩენკო გამოაცხადეს.
ნატო აღარ არის ვალდებული წარსული ვალდებულებებით, თავი შეიკავოს აღმოსავლეთ ევროპაში თავისი ძალების განლაგებისგან, – ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაზე თავდასხმითა და ალიანსთან დიალოგის შეწყვეტით, მოსკოვმა თავად გააუქმა „ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტი“.

„მათ მიიღეს გადაწყვეტილებები, აიღეს ვალდებულებები, რომ არ განახორციელებდნენ აგრესიას მეზობლების წინააღმდეგ და რომ ალიანსთან რეგულარულ კონსულტაციებს გამართავდნენ, რასაც არ აკეთებენ. ასე რომ, ვფიქრობ, რომ რეალურად ეს დამფუძნებელი აქტი ძირითადად არ ფუნქციონირებს რუსეთის გამო“, – აღნიშნა მირჩა ჯოანამ.

მისი თქმით, რუსეთი ფაქტობრივად ჩამოშორდა 1997 წლის შეთანხმების პირობებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button