ამერიკელი დიპლომატის თქმით, ანაკლიის პროექტი, საქართველოს ტრანზიტულ ჰაბად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

როგორც ვიცი, მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე კვალიფიციური საპორტო ოპერატორი, არის დაინტერესებული ანაკლიის პროექტით და უკვე შემდგომი წლის დასაწყისში, მთავრობა გამოაცხადებს ტენდერს”- ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ყვარელში სტუმრობის დროს განაცხადა.
ამერიკელი დიპლომატი ამბობს, რომ ანაკლიის პროექტი, საქართველოს ტრანზიტულ ჰაბად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
“აშშ მტკიცედ უჭერდა და უჭერს მხარს წლების განმავლობაში ამ პორტის განხორციელებას, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და ასევე მისი პოზიციონირებისთვის შავ ზღვაში. ის საწყისი პროექტი, რომელიც არსებობდა, უნდა დასრულებულიყო უკვე წელს, თუმცა ეს არ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ანაკლიის პორტი განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის როლზე, როდესაც შესაძლებელი გახდება ცენტრალური აზიიდან ევროპაში სხვადასხვა ტვირთების გადაზიდვა საქართველოს მეშვეობით და ეს პორტი დიდ წვლილს შეასრულებს მთლიან პროცესში, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის, სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ და მოვუწოდებთ ამ პროექტის განხორციელებისკენ, მე როგორც ვიცი, მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე კვალიფიციური საპორტო ოპერატორი, არის დაინტერესებული აღნიშნული პროექტით და უკვე შემდგომი წლის დასაწყისში, მთავრობა გამოაცხადებს ტენდერს და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით” – განაცხადა დეგნანმა.
ამერიკის ელჩმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რჩევაა ის ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს.
“ევროკავშირის ძალიან მტკიცე რჩევა და რეკომენდაციაა, რომ შემუშავებული კანონპროექტი წარედგინოს ვენეციის კომისიას იმიტომ, რომ რამდენად შეესაბამება და პასუხობს ის არსებულ სიტუაციას 12 რეკომენდაციის ნაწილით, ზოგადად, საკანონმდებლოდ , ეს მიმართულება არის საკმაოდ კომპლექსური, ახალი და ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციების მოსმენა, თუ რამდენად შეესაბამება ის კონკრეტულ გარემოს და სიტუაციას და სწორედ ამიტომ, აშშ-ც ეთანხმება ევროკავშირის ამ რჩევას, რომ აღნიშნული კანონპროექტი უნდა იყოს წარდგენილი ვენეციის კომისიაში”- ამბობს დეგნანი.
კელი დეგნანი დღეს, ყვარელში ” ამერიკული თაროს” გახსნას ესწრებოდა.