ამერიკის პრეზიდენტის შემდეგ ისრაელში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ჩავიდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი თელ-ავივში ჩაფრინდა. სუნაკმა თელ-ავივის აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმები იყო “უთქმელი, საშინელი ტერორისტული აქტი” და მან გაიმეორა, რომ დიდი ბრიტანეთი ისრაელის გვერდით დგას.
“ძალიან მოუთმენლად ველი ჩემს შეხვედრებს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება პროდუქტიული შეხვედრები”, – თქვა სუნაკმა.
რიში სუნაკი უკვე შეხვდა ისრაელის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ასევე ტერორისტული თავდასხმისას გატაცებული ტყვეების ოჯახებს.
რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება მნიშვნელოვანია.
“პალესტინელები “ჰამასის” ნამოქმედარის მსხვერპლი არიან. მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა”, – აღნიშნა პრემიერმა.
“ყველა სამოქალაქო პირის სიკვდილი ტრაგედიაა. და ძალიან ბევრი სიცოცხლე დაიკარგა ჰამასის საშინელი ტერორისტული აქტის შემდეგ”, – თქვა სუნაკმა ვიზიტის წინ გაკეთებულ განცხადებაში. ბრიტანეთის პრემიერი ახლო აღმოსავლეთს ორდღიანი ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებში რეგიონის სხვა ქვეყნებშიც ჩავა.
მისი თქმით, სამშაბათს ღაზას საავადმყოფოში სასიკვდილო აფეთქება, რომელმაც ასობით პალესტინელი დაიღუპა, უნდა იყოს “გადამწყვეტი მომენტი რეგიონში და მთელ მსოფლიოში ლიდერებისთვის, რათა გაერთიანდნენ, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტის შემდგომი საშიში ესკალაცია”. სუნაკი აცხადებს, რომ ბრიტანეთი იქნება ამ ძალისხმევის წინა პლანზე.
ასევე სუნაკი მოითხოვს, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მარშრუტი რაც შეიძლება მალე გაიხსნას და ასევე, იქ მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ.
გამგზავრებაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რიში სუნაკი ხაზს უსვამს, რომ ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რეგიონში კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდეს.
უახლოეს დღეებში ეგვიპტეს, თურქეთსა და კატარს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლერლიც ეწვევა.
ცნობისთვის 17 ოქტომბერს ისრაელში იმყოფებოდა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ხოლო 18 ოქტომბერს – აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სურსათის, წყლის, საწვავის და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია.
18 ოქტომბერს, აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე.
7 ოქტომბრიდან, ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულია 4 ათასზე მეტი ადამიანი. ნახევარზე მეტი – ღაზის სექტორში.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, რომელიც 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა, „ჰამასს“ მძევლად ჰყავს სულ მცირე 199 ადამიანი. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ირწმუნება, რომ 250-მდე ტყვე ჰყავს.