მნიშვნელოვანისიახლეები

ამერიკის საელჩოს განცხადებას მმართველი გუნდი ეხმაურება

ამერიკის საელჩოს განცხადებას, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფასა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებას ეხება, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით აფასებს და მას უსამართლოს უწოდებს. კობახიძე ამბობს, რომ განცხადებაში ფაქტობრივი უზუსტობები და ტექნიკური შეცდომებია დაშვებული.

როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, საელჩოსგან ბევრი მნიშვნელოვან საკითხზე რჩევაც მიუღია მმართველ გუნდს და შემდგომ ეს გაუთვალისწინებია, თუმცა, გამონაკლისი შემთხვევებიც ხდება და არასწორი განცხადებები ვრცელდება.

არის ხოლმე, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან და ეს არის ამის მორიგი მაგალითი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებას, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას ეხება.

ამასთან, მან საელჩოს განცხადების შინაარსზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება უშუალოდ განცხადების შინაარსს, აქ არის არაერთი უზუსტობა. ანუ მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადება. არის უზუსტობები, მათ შორის, ფაქტობრივი უზუსტობები, ტექნიკური შეცდომები, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს, ბუნებრივია, ადამიანურ შეცდომებს. მათ შორის, ის, რომ საუბარია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, რაც არასწორია. არავითარი სამსახური არ გაუქმებულა. სინამდვილეში მოხდა კონკრეტული სამსახურის ორ ნაწილად გაყოფა და კომპეტენციები არათუ არ შემცირებულა, პირიქით, მთლიანობაში, ჯამურად გაფართოვდა ამ სამსახურის უფლებამოსილება. ეს არის აშკარად ფაქტობრივი შეცდომა, რომელიც მაგალითად დაშვებულია ამ განცხადებაში. აშკარად არის ადამიანური შეცდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ხარვეზები, განცხადებაში არ გაიპარებოდა“, – აცხადებს კობახიძე.

მან ისაუბრა, თუ რა შეიძლება იგულისხმებოდეს ადამიანურ შეცდომაში.

„მათ შორის, შეიძლება იყოს არ ვიცი, თანამშრომლების მხრიდან მიწოდებული არასწორი ინფორმაცია და ა.შ. ამაში ჩვენ ვერ შევალთ. ეს ინფორმაცია ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს. შესაბამისად, არასწორიც იქნება ჩვენ ეს განვიხილოთ. მთავარია, რომ სამწუხაროდ, არასწორი და არასამართლიანი განცხადება გაკეთდა, რასაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, სათანადო ინფორმირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

მან პარტნიორ მხარესთან კონსულტაციები არ გამორიცხა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, საუბარი გვქონდეს ნებისმიერ თემაზე, კონსულტაციები ნებისმიერ თემაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ,რომ ჩვენ უამრავი, ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა მიგვიღია მათგან და გვიმოქმედია ამ რჩევების შესაბამისად. არის ხოლმე ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც კეთდება, სამწუხაროდ, არასამართლიანი და არასწორი შეფასებები“, – აცახდებს ირაკლი კობახიძე.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გასულ კვირას მმართველმა პარტიამ „ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით“ .

განცხადების თანახმად, განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს.

ირაკლი კობახიძის ხმა

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია საელჩოს ეს განცხადება.

რატი იონათამიშვილის ხმა

“მე არ ვიცი ამაზე მკაცრი შეფასება რა შეიძლება იქნას გაკეთებული ამ ე.წ. რეფორმასთან დაკავშირებით” – ასე ეხმაურება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფროსი, ლონდა თოლორაია “ოცნების” რეფორმასთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოს განცხადებას.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს და პარლამენტს კიდევ ერთი შანსი ექნება, რომ სამსახური არ გააუქმოს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ოპოზიციის ნაწილი მხარს უჭერს.

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ წინასწარი კონსულტაციები უკვე ჰქონდა ფრაქცია “ლელოსთან” და “სტრატეგია აღმაშენებელთან”. მისი თქმით, აპირებს, რომ საკითხზე ყველა ფრაქციას და დამოუკიდებელ დეპუტატს გაესაუბროს.

“ლელო” კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს და სამუშაო პროცესში ჩაერთვება. იგივე პოზიცია აქვს “კანონი და სამართლის” ლიდერს, დამოუკიდებელი დეპუტატ თაკო ჩარკვიანსაც.

რაც შეეხება “გირჩს”, იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ “ეს კომისია არ აინტერესებთ”, მაგრამ აინტერესებთ კოლეგებთან ნორმალური ურთიერთობა. მან საკუთარი წინაპირობა დაასახელა:

“ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ ინიციატივას იმ შემთხვევაში, თუ როცა ჩვენ დაგვჭირდება, ისინი ჩვენ დაგვიჭერენ მხარს და ამის შესახებ ახლა იტყვიან საჯაროდ. და ასევე იტყვიან, ყოველ შემთხვევაში შეწყდება ტირაჟირება იმის, რომ ჩვენ ვართ რაღაცნაირი არა ოპოზიცია, არამედ “ქართული ოცნების” მეგობარი და ა.შ.”, – თქვა ხვიჩიამ.

პარტია “საქართველოსთვის” კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს და ამბობს, რომ მუშაობის პროცესში არ ჩაერთვებიან.

3 იანვრის განცხადებით აშშ-ს საელჩო მკაცრად აკრიტიკებს ქართულ ოცნებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელების გამო, რაც განსხვავებული აზრის დასჯად შეაფასა.

აქვე გაცნობებთ რომ, 30 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქებას მხარი დაუჭირა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button