ამერიკის საელჩოს კრიტიკულ განცხადებას ოპოზიციაშიც მოჰყვა შეფასებები
ირაკლი კობახიძე დასავლელ პარტნიორებს აშანტაჟებს-მელია
ნაციონალური მოძრაობის, თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე დასავლელ პარტნიორებს აშანტაჟებს. მელიას თქმით, ქართული ოცნების მმართველობა სულ უფრო ყალიბდება “რუსული ტიპის ავტოკრატიად”, სადაც მეგობრების წუხილს “შიდა საქმეებში ჩარევად”, ზეწოლად და “სუვერენიტეტის შელახვად” აფასებენ.
ამის შესახებ მელია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს დასავლელს მეგობრებს, რომ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა თუ გაგრძელდა, პროდასავლური კურსი გადაიხედება.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა, თურმე საქართველოს საზოგადოების დასავლეთის მიმართ ნდობას არყევს.
რა დგას ამ განცხადების უკან? რა არის მისი შეფუთული შინაარსი და გზავნილი და რატომ წარმოაჩენს ეს განცხადება კიდევ ერთხელ, რომ რეჟიმი უკიდურესად სახიფათო გზას ადგას, დასავლელ მეგობრებს შანტაჟის ენაზე ესაუბრება და ქვეყნის ბედით თამაშობს:
მმართველი რეჟიმი სულ უფრო და უფრო ყალიბდება რუსული ტიპის ავტოკრატიად, სადაც მეგობრების წუხილს და მხარდაჭერას დემოკრატიის მიმართ არა სტრატეგიულ პარტნიორობად, არამედ „შიდა საქმეებში ჩარევად“, ზეწოლად და „სუვერენიტეტის შელახვად“ აფასებენ. თურმე დემოკრატიული სამყაროს წუხილი იმის გამო, რომ საქართველო, მისი დემოკრატიული ინსტიტუტები, ნდობა არჩევნების მიმართ, სასამართლო განვითარების ნაცვლად დღითიდღე სუსტდება – არის ადამიანური შეცდომების და არასწორი ინფორმაციის შედეგი.
კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენ დასავლელ მეგობრებს, რომ ისინი ამ კრიტიკით დაკარგავენ ჩვენი საზოგადოების ნდობას – პირდაპირ აშანტაჟებს, რომ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა თუ გაგრძელდა, პროდასავლური კურსი გადაიხედება!
სინამდვილეში საქართველო უფრო წინ წავა და მყარი არჩეული პროდასავლური კურსი მეტად გაძლიერდება, რაც მეტი იქნება სამარცხვინო რეჟიმის ნაბიჯების ღია კრიტიკა და დადგა დრო გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯებიც.
ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენ დასავლელ მეგობრებთან, რომ ეს გეგმა რეჟიმისა, რომ საქართველო დაივიწყონ, ყურადღება აღარ მიაქციონ, რომ რეჟიმს მისცენ დრო და საშუალება საბოლოოდ მიიტაცოს სახელმწიფო ჩაიშალოს! 2022 წელი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი წელია“,- წერს ნიკა მელია.
ოპოზიცინერი პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი “ქართული ოცნების” თავმდჯომარის განცხადებას ეხმიანება, რომელიც დასავლელ პარტნიორებს თავს მორიგ ჯერზე დაესხა. სამადაშვილის თქმით, მმართველი გუნდის საგარეო კურსი მხოლოდ დეკლარირებულადაა პროდასავლური და სტრატეგიულ პარტნიორებს რუსეთის მსგავსად სუვენერენული დემოკრატიის ენით ესაუბრება.
პარტნიორები ასე ელაპარაკებიან არა მეგობრებს, არამედ ავტოკრატებს- ასეთია ოპოზიციის შეფასება ,,ოცნების” მისამართით აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე
,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის, შეფასებით, დასავლელი პარტნიორები მკაფიოდ აფიქსირებენ პოზიციას, რომ ,,ოცნება” ქვეყნის დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ კურსს ძირს უთხრის.
ასეთი განცხადებები და შეფასებები ჩვენი პარტნიორების მიერ არის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი, თუ სად მიდის ჩვენი ქვეყანა ,,ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში.
ეს ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად ეს არის ის რეჟიმი, რომელიც არა მარტო ნამდვილად დემოკრატიას ძირს უთხრის, აგრეთვე ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის. – ამბობს ხატია დეკანოიძე.
განცხადებასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
“ძირგამოთხრელი გადაწყვეტილებები” – ასე უწოდა ამერიკის საელჩომ ,,ქართული ოცნების” ქმედებას ინსპეტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლოში დიქტატურის გაძლიერების გამო.
გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის საელჩო პირდაპირ წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება “განსხვავებულ აზრს პასუხს სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით პასუხობს”.
ხატია დეკანოიძის ალექსანდრე რაქვიაშვილის სალომე სამადაშვილის ხმა
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების განცხადების შეფასებებისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ.
„არის ხოლმე, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან და ეს არის ამის მორიგი მაგალითი“,- განაცხადა კობახიძემ.
ამერიკის საელჩო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელების საკითხს განცხადებით ეხმაურება. წერილში წერია, რომ ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.