მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ამერიკის საელჩოსა და ქალბატონ ელჩს ბოდიშს ვუხდი”

გუბაზ სანიკიძე ამერიკის საელჩოსა და პირადად ელჩს, კელი დეგნანს მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშს უხდის.

“გუშინ, “ტვ პირველის” ეთერში ნინო ჟიჟილაშვილის და ვახო სანაიას ეთერში და არასწორად ჩამოვაყალიბე. ეს არის ჩემი ბრალი. არასწორად ჩამოვაყალიბე აზრი, ამიტომ ბოდიში მინდა მოვუხადო ამერიკისა საელჩოსა და ქალბატონ ელჩს. მინდა დავადასტურო უდიდესი პატივისცემა აშშ-ის მიმართ. საქართველოში ამერიკის საელჩოს უკიდურესად პოზიტიური როლის მიმართ, რომელიც აგერ 30 წელია, ფაქტობრივად, იცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას. საელჩოს წარმომადგენლებს თუ სურვილი ექნებათ, მზად ვარ შევხვდე და ჩემი ახსნა-განმარტება გავაკეთო.” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში.

შეგახსენებთ, გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” გუშინ განცხადა: “დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო ბიძინა ივანიშვილის საუბრებს ისმენს.”

სანიკიძის ამ განცხადებას დღეს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც გამოეხმაურა, რომელიც სანიკიძის განცხადებას, აშშ-ის საელჩოს მიერ ივანიშვილის საუბრების მოსმენაზე, ტყუილს უწოდებს.

ყოფილი თანაგუნდელის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას დღეს “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილიც გამოეხმაურა.

“ეს ბიჭი ჩვენთან აღარაა “დიდი ხანია” და ვისთანაცაა, ურჩიეთ ესეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლით მეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს”, – დაწერა ირაკლი ოქრუაშვილმა Facebook-ში და თან გუბაზ სანიკიძის განცხადების შემცველი ნიუსი გააზიარა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button