აშშ-ს ელჩი თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა.
საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი თელავის სასამართლოსთან თანამედროვე სასამართლო დარბაზების ჩამოყალიბებისათვის მუშაობს.
ამერიკელმა დიპლომატმა განმარტა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევას საქართველოს მიმართ არ შეასუსტებს.
” აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მუშაობს, რათა მხარდაჭერილ იქნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, სასამართლო პროცესის უწყვეტობა და მტკიცების გაუმჯობესებული პროცესი. ასევე, USAID-ის კანონის უზენაესობის ახალი პროგრამა ეხმარება სასამართლოებს საქართველოში, უფრო სწრაფად მოახდინონ რეაგირება. უკრაინაში მიმდინარე ძალზედ სამწუხარო მოვლენები არ შეასუსტებს აშშ-ის მთავრობის შესაძლებლობას, გააგრძელოს საქართველოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება”-განაცხადა დეგნანმა.
ამერიკის შეერთებული შტატები წლებია მხარს უჭერს სასამართლო რეფორმას საქართველოში და სპეციალურ პროგრამებს ახორციელებს.
კელი დეგნანი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და თელავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაშიც იმყოფებოდა, სადაც ამერიკული კუთხე ფართოვდება.