მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თეთრი სახლი და ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთში მიმდინარე სამხედრო მოვლენებს აკვირდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინფორმირებულია რუსეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ თვალს ადევნებენ ვითარებას და აღნიშნულთან დაკავშირებით მოკავშირეებთან კონსულტაციებს გაივლიან. განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმა ადამ ჰოჯმა.

СNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ პრიგოჟინის ამჟამინდელი განცხადებები არა უბრალოდ მისი ტრადიციული რიტორიკა, არამედ “უფრო მეტია”.

“ეს რეალურია” – თქვა ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ვაგნერის ბუნტი „უკანასკნელი დროის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა რუსეთის სახელმწიფოსთვის“, აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ ვაგნერის დაქირავებულმა სამხედროებმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადაკვეთეს რუსეთის საზღვარი სულ მცირე ორ ადგილას, აიღეს კონტროლი დონის როსტოვში მდებარე სამხედრო შტაბზე, რომელიც მართავს რუსეთის სამხედრო ოპერაციებს უკრაინაში.

„უახლოეს საათებში, რუსეთის უშიშროების ძალების, განსაკუთრებით კი რუსეთის ეროვნული გვარდიის ერთგულება იქნება მთავარი, თუ როგორ განვითარდება კრიზისი. ეს უკანასკნელი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა რუსეთის სახელმწიფოსთვის“, – აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო და ამატებს, რომ ვაგნერელები, დიდი ალბათობით, მოსკოვისკენ მიემართებიან.

23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშუალა. ბიზნესმენის თქმით, ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.

მან განაცხადა, რომ “ბოროტება შეჩერდება” და ყველა მსურველს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისივე მტკიცებით, მის განკარგულების ქვეშ 25 ათასი მებრძოლია და ეს არა სამხედრო გადატრიალება, “არამედ სამართლიანობის მარშია”.

ბევრმა მისი განცხადება, სწორედ სამხედრო გადატრიალების მცდელობად აღიქვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საპასუხოდ აცხადებს, რომ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა გზავნილი და ვიდეომასალა ვაგნერის ბანაკებზე დარტყმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და “წარმოადგენს ინფორმაციულ პროვოკაციას”.

ამასთან, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწოდების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

მოსკოვში და დონის როსტოვში ჯავშანტექნიკა შენიშნეს. მოსკოვში სამხედრო ტექანიკამ სახელმწიფო დუმასთან ჩაიარა. გადაკეტილია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ქუჩა.

პრიგოჟინის განცხადების ფონზე საფონდო ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციების ფასი დაეცა.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახური ვაგნერის მებრძოლებს მოუწოდებს, დააკავონ მათი ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდება. ბახმუტისთვის გამართული ბრძოლების ფონზე, პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს.

პრიგოჟინმა ისინი საბრძოლო მასალის ნაკლებობასა და “რუსული მიწის” დათმობაში ადანაშაულებდა.

ამ დროისთვის პრიგოჟინის ქმედებები ან განცხადებებიბი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button